ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აჭარის მთავრობისა და საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ასოციაციის ორგანიზებით, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში, ბათუმის უნივერსიტეტის 100-მდე სტუდენტი, მათ შორის მაღალმთიანი აჭარიდან, ჩინეთის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაში ჩაერთვება.
“ჩანგშას ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს აქვს ძალიან კარგი გამოცდილება ისეთ პრიორიტეტულ სფეროებში, როგორიცაა მშენებლობა, ინფრასტრუქტურა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, რაც ჩვენს რეგიონს და ქვეყანას სჭირდება”, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.
მხარეთა შეთანხმებით, შემუშავდება ერთობლივი საგანმანათლებლო სადოქტორო პროგრამები, ჩატარდება სამეცნიერო პროექტები, კონფერენციები, საზაფხულო სკოლები და სემინარები. ასევე, მემორანდუმი საგანმანათლებლო, სამეცნიერო, მეთოდოლოგიური ლიტერატურის გაცვლასა და სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი აქტივობების მართვის გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.