გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს “საქართველოს მელიორაციამ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ზემო სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალური არხის გ-7 გამანაწილებლის რეაბილიტაცია დაასრულა.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, რკინა-ბეტონის 4 კმ სიგრძის ახალი არხი მოეწყო. რეაბილიტაცია ჩაუტარდა მაგისტრალური არხის წყალგამანაწილებელს და მასზე არსებულ სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს. ამასთან, დაამონტაჟეს წყალაღების კვანძები და პარაბოლური ღარები.
სამუშაოები, რომელიც საირიგაციო სისტემას ჩაუტარდა, სოფელ სართიჭალაში დამატებით 1 200 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის მორწყვას უზრუნველყოფს.
“ბოლო 6 წლის განმავლობაში ქვემო ქართლში, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 39 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. შედეგად, რეგიონში დამატებით 23 475 ჰექტარია წყალუზრუნველყოფილი, ხოლო სარწყავი წყლის მიწოდება 22 520 ჰექტარ სავარგულზე გაუმჯობესდა”, – აცხადებენ “საქართველოს მელორაციაში”.