გიორგი თოდუა: მნიშვნელოვანია გაერთიანების შედეგად მუნიციპალიტეტი დარჩეს თვითმმართველ ერთეულად

937

ფრაქცია „ზუგდიდის“ წევრები იყვნენ დეპუტატები, რომლებმაც 22 მაისს გამართულ სხდომაზე, სხვა დეპუტატების მსგავსად მხარი დაუჭირეს რეგიონული განვითარების სამინისტროს სამთავრობო კომისიის წერილს, თემის და მუნიციპალიტეტების გაერთიანების საკითხზე. ფრაქციის წევრის გიორგი თოდუას თქმით, წარმოდგენილ ინიციატივაში მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საკრებულოს როლი და ფუნქციები საგრძნობლად გაიზარდა. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ამბობს – ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემცირებული იყო საკრებულოს ეს ფუნქციები და ამ თვალსაზრისით ფიქრობს – ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება მსგავსი ცვლილება. ამის შესახებ ვკითხულობთ სხდომის ოქმში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

„რაც შეეხება მმართველობის პროცესში მოქალაქეების ჩართულობის მექანიზმებს, ჩვენს ფრაქციას მიაჩნია საჭიროდ, რომ ეს ვალდებულებები კანონით იყოს გაწერილი. მართალია, თითოეული საკრებულოს წევრი ანგარიშვალდებულია თავისი ამომჩევლის, თუ ნებისმიერი ჩვენი მოქალაქის წინაშე, მაგრამ ეს არსად არ არის დეტალურად გაწერილი. სამწუხაროდ, ზოგჯერ ეს ურთიერთობა დამოკიდებულია თითოეულ ინდივიდზე. ვფიქრობ მაშინ, როდესაც დედაქალაქს ჰყავს 50 საკრებულოს წევრი, რა საჭიროა ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში წარმოდგენილი იყოს 60 საკრებულოს დეპუტატი. მე ვეთანხმები მოსაზრებას, რომ საჭიროა ოპტიმიზაცია ბიუროკრატიის თვალსაზრისით. ასევე მნიშვნელოვანია გაერთიანების შედეგად მუნიციპალიტეტი დარჩეს თვითმმართველ ერთეულად“, – განმარტა სხდომაზე გიორგი თოდუამ, სადაც 12 ხმით 3 ხმის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ ინიციატივას.

კენჭისყრის პროცესს წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება როგორც დეპუტატებს, ასევე დეპუტატებს და საკრებულოს თავმჯდომარეს შორის.

 

წყარო: ლაივპრესი