ინფრასტრუქტურის სამინისტროს კიდევ ორმა კომპანიამ უჩივლა

1312

კონსტიტუციის დარღვევის ბრალდებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს კიდევ ორი კომპანია უჩივის. “ჯიარჯიმ” და “ენსისიმ” საჩივრები შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში უკვე შეიტანეს. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.

ორივე კომპანიის პრეტენზია იდენტურია, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ტენდერს ეხება. ერთი ტენდერი 43 მილიონიანია, მეორე კი 48 მილიონიანი და ისინი ქუთაისის შემოვლითი გზის სამტრედიის მონაკვეთზეა გამოცხადებული. კომპანიების პრეტენზია, სატენდერო დოკუმენტაციის იმ ჩანაწერს ეხება, რომელიც მიმწოდებლის გამოცდილებას უკავშირდება. მოსარჩელეების მიაჩნიათ, რომ სამინისტროს ისეთი საკვალიფიკაციო მოთხოვნები აქვს, რასაც ადგილობრივი კომპანიები ვერ დააკმაყოფილებენ და ისინი უცხოურ კომპანიებზეა მორგებული.

“მოთხოვნები მორგებულია შემსყიდველის სასურველ უცხოურ კომპანიაზე/კომპანიებზე რადგანაც ემსახურება რეზიდენტი კომპანიების ჩახსნას აღნიშნული ტენდერიდან და უსამართლო პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს უცხოურ კომპანიებს”, – ნათქვამია სარჩელში.

ორივე კომპანია, მათი განცხადებით დისკრიმინაციული ჩანაწერის გაუქმებას ითხოვენ. შეგახსენებთ, რომ ანალოგიური პრეტენზიით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს უკვე უჩივლა კიდევ ორმა კომპანიამ – “კავკასუს როუდ პროჯექტმა” და “ჯეო გრუპმა”. საჩივარები ამ შემთხვევაშიც ქუთაისის შემოვლითი გზის სამტრედიის მონაკვეთებზე გამოცხადებულ ტენდერებს ეხება.