აბასთუმანში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია იწყება

1122

კურორტ აბასთუმანში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი იწყება. ამ დროისათვის, ტენდერში გამარჯვებული კომპანიისთვის ხელშეკრულებას ამზადებენ. სამუშაოებისათვის 4 658 902 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

კურორტ აბასთუმანში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციისათვის, “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ” ტენდერი მიმდინარე წლის სექტემბერში გამოაცხადა. ტენდერში “ბილდინგ დეველოპერმა” გაიმარჯვა, თუმცა მასთან ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა.

როგორც “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში” აცხადებენ, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება მალე გაფორმდება და სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაიწყება, თუმცა კონკრეტული თარიღი უცნობია.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, აბასთუმნისა და “აღობილის” ტერიტორია წყლის სისტემით მთლიანად დაიქსელება. გაიწმინდება ის ტერიტორიები, სადაც წყალსადენმა უნდა გაიაროს და დამონტაჟდება ახალი რეზევრუარები. უკვე არსებულს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება და წყალგამანაწილებლები მოეწყობა.

კომპანიამ სამუშაოები, ხელშეკრულების გაფორმებიდან რვა თვის ვადაში უნდა შეასრულოს. შესრულებულ სამუშაოებს ერთ წლიანი საგარანტიო ვადა აქვს.