გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებულ 37 ბაგა-ბაღს მერიის შიდა აუდიტის სამსახური ამოწმებს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
როგორც გურჯაანის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე უკვე 12 სააღმზრდელო დაწესებულებაა შემოწმებული.
“არცერთ სოფელში არავის უნდა ეშინოდეს, რომ ბავშვი ბაღში გაუშვას, ამიტომ სისუფთავის დაცვა ყველა ბაღში აუცილებელია. გარდა ამისა, აუდიტის სამსახური 2018 წლის დასაწყისიდან იკვლევს და ამოწმებს ა(ა)იპ ორგანიზაციების მუშაობას. შესაბამისად იდება დასკვნები და ამას უნდა მოყვეს შესაბამისი რეაგირებაც. მაგალითად: ვეჯინის ბაღში გურჯაანის მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა აღმოაჩინა მძიმე სანიტარული დარღვევები, რომელსაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვა და ბაღის ხელმძღვანელი ორი გაფრთხილების შემდეგ გათავისუფლდა სამსახურიდან. ამ ეტაპისთვის უკვე შემოწმებულია 12 ბაღი. სულ მუნიციპალიტეტში 37 ბაღია და ყველა შემოწმდება, დარღვევებზე რეაგირება კი აუცილებლად იქნება მკაცრი’’,– განაცხადა ხანდამაშვილმა.
გურჯაანის ბაგა-ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, მკაცრი გაფრთხილება მიიღეს ასევე ჭანდარის სააღმზრდელო დაწესებულების მენეჯერმა და მზარეულმა. აუდიტის სამსახური ბაგა-ბაღებში ინსპექტირებას 20 ნოემბერს დაასრულებს.