გურჯაანის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების შემოწმებისას დარღვევები აღმოაჩინეს

1111
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 37 საბავშვო ბაგა-ბაღის უსაფრთხო და სათანადო ფიზიკურ-ინფრასტრუქტურული გარემოს, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, დასაქმებული პერსონალის შრომის დისციპლინისა და კვების ორგანიზაციული წესების შესწავლა მიმდინარეობს. ინფორმაციას Iregions.ge ავრცელებს.

ამ ეტაპისთვის ა(ა)იპ “გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებაში” შემავალი 6 საბავშვო ბაგა-ბაღია შემოწმებული.

შედეგად, გამოიკვეთა: ბავშვთა კვების მოუწესრიგებლობის, საკვები პროდუქტების შენახვისა და მომზადების პირობების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, უსაფრთხოების ზომებისა და შრომის დისციპლინური ნორმების დაუცველობა.

საბავშვო ბაღების მენეჯერებს მიეცათ გაფრთხილება და შესაბამისი მითითება ხარვეზის უმოკლეს ვადაში აღმოსაფხვრელად, ხოლო სოფელ ვეჯინის საბავშვო ბაგა-ბაღის მენეჯერი, თამარ სიბაშვილი, რომელსაც ამა წლის აპრილის თვეში საყვედური ჰქონდა გამოცხადებული სამსახურეობრივი მოვალეობების გულგრილი და არაჯეროვანი შესრულების გამო დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, რომ შემოწმება გურჯაანის მუნიციპალიტეტის 37 საბავშვო ბაგა-ბაღში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ, 2018 წლის სამოქმედო გეგმის საფუძველზე მიმდინარეობს.