აჭარის მთავრობის სახლში გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ წევრი ელგუჯა ბაგრატიონი შესვლას ცდილობს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, შენობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური იმყოფება და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას მართავს, რომელსაც, მისი თქმით, სავარაუდოდ, არჩილ ხაბაძე და ზურაბ პატარაძეც ესწრებიან.
“მე ვარ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და არ მეძლევა უფლება, რომ მთავრობის სახლში შევიდე. შენობაში იმყოფება სუს-ის უფროსი და მართავს შეხვედრას რეგიონის პირველ პირებთან, რათა საარჩევნო პროცესებში დაშინებით, შანტაჟით და მუქარით მოხდეს ხმის მიცემა. კონკრეტული დავალებების მისაცემად სპეციალურად ჩამოვიდა აჭარის რეგიონში. ვითხოვ შენობაში შესვლას“, – განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.
აჭარის მთავრობის სახლთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები. რაც შეეხება ელგუჯა ბაგრატიონს, მას დაცვის თანამშრომლები შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ.