ქვემო ქართლის გუბერნატორი ახალ მოადგილეებს ოფიციალურად მომავალ კვირას წარადგენს

1524

ქვემო ქართლის გუბერნატორის გრიგოლ ნემსაძის განცხადებით, სამხარეო ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს და ის ახალ მოადგილეებს ოფიციალურად მომავალ კვირას წარადგენს.

როგორც გრიგოლ ნემსაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში პროფესიონალები მუშაობდნენ, ისინი სხვა თანამდებობებზე გადავიდნენ და ახალი კადრების შერჩევაც პირველ რიგში პროფესიონალიზმის მიხედვით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ქვემო ქართლის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ კახაბერ გუგეშაშვილმა თანამდებობა დატოვა, პირველი მოადგილის პოსტზე გუბერნატორმა ალექსანდრე მეტრეველი დანიშნა, მეორე მოადგილედ კი ზაურ დარგალი, რომელიც მანამდე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლის თანამდებობას იკავებდა ქვემო ქართლის რეგიონში.

ზაურ დარგალმა ,,ინტერპრესნიუსთან” საუბარში დაადასტურა გუბერნატორის მოადგილედ დანიშვნის შესახებ ინფორმაცია, ასევე აღნიშნა, რომ პირველი მოადგილის თანამდებობაზე ალექსანდრე მეტრეველი დაინიშნა. არსებული ინფორმაციით, ქვემო ქართლის გუბერნატორს კიდევ ერთი მოადგილე ეყოლება და ამ პოსტზე კახა კობერიძის კანდიდატურა განიხილება.

წყარო: ინტერპრესნიუსი