ხაშურში მდინარე შოლას კალაპოტს წმენდენ

1345

ხაშურში მდინარე შოლას კალაპოტს წმენდენ. მერიის ინფორმაციით, ე.წ. შოლის დახურული უბნების მოწყობა გასული საუკუნის 90-იან წლებში განხორციელდა. დროთა განმავლობაში მოხდა დახურული მონაკვეთების ჩაშლა, რასაც მოსახლეობის მხრიდან მდინარეში საყოფაცხოვრებო ნარჩენის ჩაყრა დაემატა და არხის გამტარუნარიანობა შეიზღუდა.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე გახსნილია ქალაქის შემოსასვლელთან, პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დახურული მონაკვეთი სადაც ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. უკვე გაიწმინდა მდინარე მტკვრიდან აღნიშნულ მონაკვეთამდე 2 კილომეტრზე მეტი ღია არხი.

როგორც მერიაში აცხადებენ, სამუშაოები აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ღია და დახურულ მონაკვეთებზე გაგრძელდება და მდინარე მთლიანად გაიწმინდება.

“მდინარე შოლას დახურული მონაკვეთების მშენებლობა, თავის დროზე სტანდარტების დაცვით არ განხორციელდა, ისინი ათწლეულების განმავლობაში ვერ იწმინდებოდა, რამაც სავალალო შედეგი გამოიღო. ამ ეტაპზე სრულდება მუნიციპალიტეტისთვის უმნიშვნელოვანესი სამუშაოები, რაც სტიქიის პრევენციისთვის და ჰიგიენის ნორმების დაცვისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.“-აღნიშნა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გურასპაშვილმა.