რატომ ესწრებიან მთავრობის სხდომებს სახელმწიფო რწმუნებულები?

1770

გასულ კვირას საქართველოს მთავრობის სხდომას სახელმწიფო რწმუნებულებიც ესწრებოდნენ, რამაც გამოიწვია კითხვა, ხომ არ უკავშირდება მათი დასწრება არჩევნების მეორე ტურს.

როგორც აღმოჩნდა, მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რამდენიმე რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულები შეცვალა, მათ მთავრობის სხდომებზე დასწრება დაევალათ.

droa.ge-სთან კომენტარში კახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ ის და დანარჩენი რწმუნებულები მთავრობის სხდომებს უკვე რამდენიმე თვეა, ესწრებიან.  მისი თქმით, ეს განპირობებულია იმით, რომ ისინი უფრო მეტად იყვნენ ინფორმირებულები მთავრობის მიერ დაგეგმილ აქტივობებთან დაკავშირებით.

“საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონით, სახელმწიფო რწმუნებულებს, რომლებიც საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან, მთავრობის სხდომაზე სათათბირო ხმის უფლებით დასწრება შეუძლიათ, თუმცა, ამ დრომდე კონკრეტულად რა საკითხები განიხილეს მთავრობასთან ერთად, ამაზე მთავრობის ადმინისტრაციაში კომენტარს არ აკეთებენ.

თავად პრემიერმაც პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ სახელმწიფო რწმუნებულების დასწრება მნიშვნელოვანია, რათა უფრო სწრაფად მივიდეს მოსახლეობამდე მთავრობის გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაცია. მან არჩევნების შედეგებთან დაკავშირებითაც კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე რეგიონულ ჭრილში, ისაუბრა და ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რეგიონული მართვის სისტემის ხელშესახები არაეფექტურობა დაასახელა.