ქალაქ ოზუგეთის საკრებულოს სხდომა, რომელიც ურთიერთშელაპარაკების და რეპლიკების ფონზე საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა ამ წუთებში დასრულდა.
სხდომაზე თვითმმართველი ერთეულების გაერთიანების საკითხს განიხილავდნენ. 12 დეპუტატიდან, გაერთიანების საკითხს მხარი 8 დეპუტატმა დაუჭირა, 4 კი, წინააღმდეგი წავიდა, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გოგუაძეც.
ინიციატივას ასავე მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა: გოჩა ძიმისტარაშვილმა, ლევან მგელაძემ და თამარ ნადირიძემ. რაც შეეხება კიდევ ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს, “ლეიბორისტული პარტიის” წარმომადგენელს, ნათია შარაშენიძეს, ის სხდომას არ ესწრებოდა.
საბოლოო გადაწყვეტილებით, ქალაქ ოზურგეთის საკრებულომ, ისევე როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ხმათა უმრავლესობით სამინისტროს ინიციატივას მხარი დაუჭირა.
ამან ოპოზიციონერი დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია, რომლებმაც დეპუტატების გადაწყვეტილებას „სამარცხვინო“ უწოდეს.
შეგახსენებთ, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივის მიხედვით, მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაციის შედეგად ჩამოყალიბდება ერთი თვითმმართველი ერთეული, შერწყმულ მუნიციპალიტეტს კი ახლა არსებული ორივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი სრულად დარჩება. გარდა ამისა, ამავე სტრატეგიის თანახმად, გამგებლის თანამდებობა შესაძლოა გაუქმდეს და ყველა მუნიციპალიტეტს არჩეული მერი ეყოლება. საკრებულოებს კი, დემოკრატიული კონტროლისთვის ბერკეტები მიეცემათ.
წყარო: გურიანიუსი