“საერთაშორისო გამჭვირვალობამ” არჩევნების საბოლოო შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა

1108

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დაკვირვებით საპრეზიდენტო არჩევნებმა ძირითადად მშვიდ გარემოში, მნიშვნელოვანი ძალადობრივი ინციდენტების გარეშე ჩაიარა. თუმცა, გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემური ტენდენცია, რომელიც ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვასა და მიუღებელი ხერხით მობილიზებას გულისხმობდა.

ჩვენი დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა 130-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა. ჩვენმა დამკვირვებლებმა დაწერეს 12 საჩივარი. განსაკუთრებით აღსანიშნავია შემდეგი ტენდენციები:

ამომრჩეველთა აქტიური მობილიზაცია და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

თითქმის ყველა საარჩევნო უბნის გარეთ შეიმჩნეოდა საპრეზიდენტო კანდიდატების, ძირითადად, მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილის კოორდინატორების დიდი კონცენტრაცია.  ბევრი მათგანი იდგა ავტომობილით, სადაც სხვადასხვა პირები სხდებოდნენ და მცირე ხნის შემდეგ უკან გადმოდიოდნენ. ჩვენს დამკვირვებლებს გაუჩნდათ საფუძვლიანი ეჭვი, რომ შესაძლო ამომრჩევლის მოსყიდვას ჰქონდა ადგილი. ექვსი საარჩევნო უბნის გარეთ ჩვენმა დამკვირვებლებმა ფულის გადაცემის რამდენიმე შესაძლო ფაქტიც დააფიქსირეს.

არჩევნების სავარაუდო გაყალბება

#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #94 საარჩევნო უბანზე ჩვენმა დამკვირვებელმა დაინახა, თუ როგორ ჩააგდო საარჩევნო ყუთში რამდენიმე კონვერტი საარჩევნო ყუთის ზედამხედველმა კომისიის წევრმა. პროტესტის გამოხატვის შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ და სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა უბნის გარეთ გაიყვანეს ჩვენი დამკვირვებელი, სთხოვეს თვალი დაეხუჭა ამ ფაქტზე და პირობა მისცეს, რომ აღარ განმეორდებოდა მსგავსი შემთხვევა. ეს ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ამავე უბანზე კენჭისყრის შედეგების შეჯამებისას ჩვენი ვარაუდი კიდევ უფრო გამყარდა, რადგან საარჩევნო ყუთიდან ამოსული ბიულეტენების რაოდენობა ხელმოწერების რაოდენობაზე ერთით მეტი აღმოჩნდა. ჩვენ ამ უბანზე შედეგების გაბათილება მოვითხოვეთ.

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დაბალი კვალიფიკაცია

წინა რამდენიმე არჩევნების მსგავსად, ბევრ საარჩევნო უბანზე შეიმჩნეოდა კომისიის წევრების დაბალი კვალიფიკაცია, რაც ხშირ შემთხვევაში გამოიხატებოდა მათი მხრიდან აგრესიულ და არაკონსტრუქციულ ქცევაში. ასევე, კომისიის არადამაჯერებელი ქმედებების გამო ხშირად უბნებზე იქმნებოდა გაურკვევლობა. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების კვალიფიკაციის კუთხით სერიოზული კითხვები კვლავ რჩება და ამ მხრივ  დადებითი ძვრები წლების განმავლობაში არ შეიმჩნევა. როგორც ჩანს, კომისიის წევრების წრთვნის ტრადიციული მეთოდები არ არის საკმარისად ეფექტური.

ზოგიერთი საუბნო საარჩევნო კომისია ისეთ მარტივ საკითხებს ვერ აგვარებდა, როგორიცაა ხმის მიცემის ფარულობის დაცვა, დამკვირვებლების საარჩევნო უბნებზე შეფერხების გარეშე შეშვება, საკონტროლო ფურცლის შევსება, კომისიის წევრის მიერ ფუნქციათა გადასანაწილებელი წილისყრის ჩატარება, მარკირების შემოწმება და სხვა.

ხელშეშლა/მუქარა ჩვენს დამკვირვებელზე

მნიშვნელოვანია, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არჩევნებზე დაკვირვებისთვის სათანადო პირობები ჰქონდეთ. დღის განმავლობაში და ხმების დათვლის დროს ფიქსირდებოდა ჩვენ დამკვირვებლებზე ზეწოლა და სიტყვიერი შეურაცხყოფა კომისიის წევრების მხრიდან.

გადასატანი საარჩევნო ყუთის პრობლემები

#12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #3 უბანზე და #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #21 უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის უბანზე დაბრუნებისას აღმოჩნდა, რომ გაცემულ ბიულეტენებს თითო ცალი აკლდა. გაჩნდა ეჭვი, ამ ბიულეტენების ე.წ. კარუსელისთვის გამოყენებასთან დაკავშირებით.

პრობლემები საარჩევნო სიებში

ბევრ უბანში გარკვეული პრობლემები იყო საარჩევნო სიებთან დაკავშირებით. ზოგიერთი ამომრჩეველი საკუთარ თავს ვერ პოულობდა სიებში, ზოგიერთი კი აღნიშნავდა, რომ გარდაცვლილი ადამიანები აღმოაჩინა სიებში.

რეკომენდაციები:

  • მთავარმა პროკურატურამ უნდა გამოიძიოს #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #94 საარჩევნო უბანზე არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტი;
  • პოლიტიკურმა პარტიებმა უარი უნდა თქვან ამომრჩევლის მოსყიდვაზე;
  • ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა გაატაროს შესაბამისი ზომები საარჩევნო კომისიის წევრების დაბალი კვალიფიკაციის პრობლემის მოსაგვარებლად;
  • ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა უზრუნველყოს დამკვირვებლებისთვის შესაბამისი გარემო და არ დაუშვას მონიტორების მიმართ აგრესიული ქმედებები კომისიის წევრების მხრიდან;
  • პოლიტიკურმა პარტიებმა თავი უნდა შეიკავონ საკუთარი მხარდამჭერების აღრიცხვისა და მობილიზაციის დროს ისეთი მეთოდების გამოყენებისგან, რომლებიც შეიძლება აღქმულ იქნეს ამომრჩევლის ნების გამოხატვის შეზღუდვად;
  • სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს საარჩევნო სიების დახვეწას.