საია: კენჭისყრის დროს იდენტიფიცირებულ დარღვევებს მნიშვნელოვანი გავლენა კენჭისყრის პროცესზე არ მოუხდენია

690

21:00 საათისთვის საია აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობაზე დაკვირვებას. მთლიანობაში კენჭისყრის პროცესმა ჩაიარა მშვიდად და ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, კენჭისყრის დროს (08:00-20:00 სთ) იდენტიფიცირებულ დარღვევებს მნიშვნელოვანი გავლენა კენჭისყრის პროცესზე არ მოუხდენია. ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ საარჩევნო მედიაცენტრში გამართულ არჩევნებზე განაცხადა.

“დაიხურა საარჩევნო უბნები, მიმდინარეობს ხმების დათვლის პროცედურა. შესაბამისად, საია დააკვირდება ხმების დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცესს. ორგანიზაცია მოუწოდებს საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, მშვიდად დაელოდონ კენჭისყრის შედეგების შეჯამებას და ხელი არ შეუშალონ საარჩევნო ადმინისტრაციას კანონით მასზე დაკისრებული ფუნქციის შესრულებაში. პარალელურად, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უზრუნველყონ ხმის დათვლის კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმართვა.

რაც შეეხება ხმის მიცემის პროცესის შეჯამებას, ამ დროისათვის საია მიიჩნევს, რომ მთელი დღის განმავლობაში მაღალი იყო ამომრჩევლის მობილიზებისა და მისი ნების სავარაუდო კონტროლის ფაქტები.
საია წლებია აფიქსირებს ამ მანკიერ პრაქტიკას რაც, საჭიროებს შესაბამის საკანონმდებლო რეგულირებას, მათ შორის ამომრჩევლის შესახებ პერსონალური ინფორმაციის დამუშავების სტანდარტების გამკაცრების კუთხით.
საყურადღებოა ისიც, რომ ამომრჩევლის ნების სავარადო კონტროლის და მისი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების შემთხვევები აქტუალური ხდება არა მხოლოდ კენჭისყრის დღეს, არამედ წინასაარჩევნო პერიოდშიც.

წინა არჩევნებისგან განსხვავებით, 2018 წლის არჩევნებზე გარდა კოორდინატორების მიერ ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლისა, პროცესს დაემატა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის – სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბიდან სატელეფონო ზარებით ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლის ტენდენცია.

ასევე დაფიქსირდა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის ამომრჩევლის მოსყიდვის სავარუდო ფაქტი, რომელიც სავარაუდოდ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს (სამგორის #56 უბანზე). საარჩევნო ბიულეტენის უბნიდან გატანა (საბურთალოს #52 და სამგორის #78 უბნები).

გამოიკვეთა ისეთი პროცედურებული დარღვევებიც, რომელიც წინა არჩევნებზეც დააფიქსირეს საიას დამკვირვებლებმა. მათ შორის: უბნის გარეთ პირთა მობილიზება, რომლებიც აღრიცხავდნენ უბანზე მისულ ამომრჩევლებს; ვადაგასული პირადობით ხმის მიცემის ფაქტები; ფიზიკური დაპირისპირების ფაქტები (მარნეულის #59); მარკირებასთან დაკავშირებული პრობლემები (ქუთაისის #49, #57); აგიტაცია საარჩევნო უბანზე (ბორჯომის #8 უბანზე); სამაგიდო სიის დაზიანების ფაქტი (გორის #96) უბანი .

წილისყრის პროცედურების დარღვევები (ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს უბნის კომისიის წევრების მიერ გადასატანი ყუთის წამღები კომისიის ფუნქციების გამოსავლენად ჩასატარებელ წილისყრაში უარის თქმა, წილისყრით გამოვლენილი ფუნქციების თვითნებური გადაცვლა).

საარჩევნო დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა წარადგინეს სულ 94 საჩივარი, მათ შორის უბანზე 52, ოლქში -42 საჩივარი. 40 შენიშვნა”, – ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.