საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ხდება ამომრჩევლის სავარაუდო ნების კონტროლი. ამის შესახებ საიას გამგეობის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ საარჩევნო მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, საია-ს ცხელ ხაზზე თბილისიდან და რეგიონებიდან შევიდა შეტყობინებები, რომ სალომე
ზურაბიშვილის შტაბიდან უკავშირდებიან და ინტერესდებიან, მიიღეს თუ არა არჩევნებში
მონაწილეობა. საია-ს დამკვირვებელმა დარეკა მოქალაქეთა მიერ მითითებულ ერთ-ერთ ნომერზე,
რომელზეც დაუდასტურეს, რომ ნომერი სალომე ზურაბიშვილის შტაბს ეკუთვნოდა, თუმცა, არ
განმარტეს, რა იყო მოქალაქეებთან დაკავშირების მიზეზი და საიდან ფლობდნენ მათ საკონტაქტო
ნომრებს.
“მსგავსი ფაქტები აჩენს სერიოზულ ეჭვებს, რომ ადგილი აქვს ამომრჩევლის ნებაზე კონტროლს რათა,
სავარაუდოდ, მოხდეს მათი მობილიზება და საარჩევნო უბნებზე მიყვანა. ,,საქართველოს
კონსტიტუციის“ 28-ე მუხლის თანახმად, უზრუნველყოფილია ამომრჩევლის ნების თავისუფალი
გამოვლინება. ,,საარჩევნო კოდექსის“ მე-3 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, არჩევნების ჩატარების ერთ-
ერთი პრინციპია კენჭისყრის ფარულობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა. „დ.ბ“
ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების
თავისუფალ გამოვლენას, და კონტროლი ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე.
ამასთან, ვენეციის კომისიის საარჩევნო ნორმათა კოდექსი (2002), რომელშიც თავმოყრილია
დემოკრატიული არჩევნების კარგი პრაქტიკის მაგალითები, ამბობს, რომ ,,ამომრჩევლები დაცული
უნდა იყვნენ მუქარისა და მათი ნება-სურვილის გამოვლინების ყოველგვარი შეზღუდვისაგან,
მიუხედავად იმისა თუ ვისგან მომდინარეობს იგი – ხელისუფლებისა თუ ცალკეული პირებისაგან.
სახელმწიფო ვალდებულია აღკვეთოს და სათანადო სანქციები განახორციელოს ამგვარი პრაქტიკის
წინააღმდეგ“, – განაცხადა სალაძემ.
საია მოუწოდებს საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, შეწყვიტონ მოქმედებები, რომლებმაც
შესაძლოა გავლენა მოახდინონ ამომრჩევლის ნების კონტროლზე.
ორგანიზაცია, ასევე, მიმართავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, დაინტერესდეს რამდენად
კანონიერად ხორციელდება ამომრჩეველთა შესახებ პერსონალური მონაცემების, მათ შორის, საკონტაქტო
ნომრების შეგროვება/დამუშავება.