TI: დაფიქსირდა არჩევნების სავარაუდო გაყალბების, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის, აგიტაციის წესების დარღვევის ფაქტები

665

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიიჩნევს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, ძირითადად, მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და იმ უბნების აბსოლუტური უმრავლესობა, სადაც ორგანიზაციის სტატიკური დამკვირვებლები არიან განლაგებულნი, დროულად გაიხსნა. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა საარჩევნო მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, 13:00 საათისთვის ორგანიზაციის მიერ დაფიქსირდა 50-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა. დამკვირვებლების მიერ დაიწერა 4 საჩივარი.

გიგაურის თქმით, დაფიქსირდა არჩევნების სავარაუდო გაყალბების, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის, აგიტაციის წესების დარღვევისა და სხვა ფაქტები. მისი ინფორმაციით, თითქმის ყველა საარჩევნო უბნის გარეთ  შეიმჩნევა საპრეზიდენტო კანდიდატების კოორდინატორების მობილიზება, რაც დაძაბულ ატმოსფეროს ქმნის.

მეტ-ნაკლებად სერიოზული დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები:

არჩევნების სავარაუდო გაყალბება

#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #94 საარჩევნო უბანზე ჩვენმა დამკვირვებელმა დაინახა, თუ როგორ ჩააგდო საარჩევნო ყუთში რამდენიმე კონვერტი საარჩევნო ყუთის ზედამხედველმა კომისიის წევრმა. პროტესტის გამოხატვის შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ და სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა უბნის გარეთ გაიყვანეს ჩვენი დამკვირვებელი, სთხოვეს თვალი დაეხუჭა ამ ფაქტზე და პირობა მისცეს, რომ აღარ განმეორდებოდა მსგავსი შემთხვევა. ეს ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას დაინტერესდეს ამ შემთხვევით და მიიღოს შესაბამისი ზომები.    

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

#12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთ ამომრჩეველს გარეთ გაყვა სადამკვირვებლო ორგანიზაციის „საქართველოს ერთიან ახალგაზრდათა კავშირი” დამკვირვებელი, რომელმაც თანხა გადასცა მას. ეს პირი არ უარყოფს ფულის გადაცემის ფაქტს.

აგიტაციის წესების დარღვევა

#12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთმა კომისიის წევრმა კაბინის გარეთ მისცა ხმა, ანუ შემოხაზა სასურველი კანდიდატი.

ერთი და იმავე უბანზე ერთი ორგანიზაციის რამდენიმე დამკვირვებელი

#22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #55 საარჩევნო უბანზე ერთი და იმავე სადამკვირველო ორგანიზაციის ორი წარმომადგენელი იმყოფებოდა. ჩვენი დამკვირვებლის მითითების მიუხედავად, კომისიის თავმჯდომარემ დიდი ხნის განმავლობაში არ აღმოფხვრა ეს პრობლემა.

დამკვირვებლების არშეშვება საარჩევნო უბნებზე

#41 ნინოწმინდის საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანზე და #56 ჭიათურის საარჩევნო ოლქის #26 უბანზე გარკვეული დროის განმავლობაში კომისიის თავმჯდომარეები უბანზე არ უშვებდნენ დამკვირვებლებს. მცირე ხნის შემდეგ აღმოიფხვრა ეს პრობლემა.

კომისიის წევრის მიერ ფუნქციათა გადასანაწილებელ წილისყრაზე უარის თქმა

#10 გლდანის საარჩევნო ოლქის #100 უბანზე, #32 გორის საარჩევნო ოლქის #88 უბანზე, #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #7, 25, 89 უბნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ დანიშნულმა კომისიის წევრებმა უარი თქვეს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრების გამოსავლენ წილისყრაში მონაწილეობაზე.

რეგისტრატორის მიერ ბეჭდის არასწორი გამოყენება

#24 დმანისის საარჩევნო ოლქის #32 უბანზე ერთ-ერთი რეგისტრატორი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბიულეტენებზე ბეჭედს უკუღმა არტყამდა, რაც შეიძლება ბიულეტების ბათილობის საფუძველი გახდეს.

 

სადამკვირვებლო მისიის შესახებ

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს 350 ადგილობრივი დამკვირვებლით უწევს მონიტორინგს. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 300 საარჩევნო უბანზე არიან გადანაწილებულნი. გარდა ამისა, საარჩევნო პროცესებს 45 მობილური ჯგუფიც ადევნებს თვალს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ არჩევნების დღეს საარჩევნო მედიაცენტრში ორ პრესკონფერენციას გამართავს 13:00-ზე და 20:30-ზე, რომლებზეც წარმოდგენილი იქნება არჩევნების დღის დაკვირვების შუალედური შედეგები. 22 ოქტომბერს 11:00-ზე წარმოდგენილი იქნება საბოლოო შეფასება. საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლოა, გაკეთდეს დამატებითი განცხადებებიც.