საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, დილის 10 საათისთვის, კენჭისყრის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. იმ საარჩევნო უბნების უმრავლესობა, სადაც საია უბნის გახსნის პროცედურებს აკვირდებოდა, დროულად იყო მზად პირველი ამომრჩევლის მისაღებად. აღნიშნული უბნების უმრავლესობა აღჭურვილი იყო შესაბამისი საარჩევნო მასალებით. ამის შესახებ საიას თავმჯდომარე სულხან სალაძემ საარჩევნო მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის დაფიქსირებულია საარჩევნო კანონმდებლობის რამდენიმე დარღვევა, რომელიც, ძირითადად, წილისყრის პროცედურებს ეხება.
ამომრჩეველმა გაიტანა ბიულეტენი სამგორის N78 უბნიდან, რაც დარღვევაა. ამასთან დაკავშირებით კომისიის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა: „არა უშავს, დანაკლისში გავუშვათო.“ საარჩევნო კოდექსის 63-ე მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, „საარჩევნო ბიულეტენი სახელმწიფო საკუთრებაა. კენჭისყრის დღეს აკრძალულია კენჭისყრის შენობიდან მისი თვითნებური გატანა, წაღება ან განადგურება“. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საიას დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა.
საიას ცხელ ხაზზე მიღებული ინფორმაციის თანახმად, ბორჯომის N8 უბანზე ადგილი ჰქონდა აგიტაციას საარჩევნო უბანზე, რაც დარღვევაა. ადგილობრივი დამკვირვებლები ივანე ზედგინიძე და საბა ღონღაძე ორგანიზაციიდან „ინიციატივა სამოქალაქო საზოგადოებისათვის“ სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო სიმბოლიკით გამოცხადდნენ უბანზე. კომისიის თავმჯდომარემ ორივე მათგანს უბანი დაატოვებინა. დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილის სიმბოლიკიანი ჟილეტები მათ „ქართული ოცნების“ ოფისში მისცეს. საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის 11-ე პუნქტის თანახმად, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია.
რაც შეეხება წილისყრის პროცედურების დარღვევებს, სალაძის თქმით, დაფიქსირდა მთელი რიგი შემთხვევები, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულმა წევრებმა უარი განაცხადეს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის წევრის გამოსავლენად ჩასატარებელ წილისყრაში მონაწილეობაზე (ვაკის N71, გლდანის #15 და #96, კრწანისის #9, #32, სამგორის #92 უბნები). „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საარჩევნო კომისიებში დანიშნულმა წევრებმა ასევე უარი განაცხადეს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის წევრის გამოსავლენად ჩასატარებელ წილისყრაში მონაწილეობაზე ნაძალადევის #16, დიდუბე #54, გლდანის #26 უბნებზე), წილისყრის ჩატარების შემდეგ აღნიშნული ფუნქციის შესრულებაზე უარი თქვა ამავე პარტიის მიერ დანიშნულმა წევრმა ლანჩხუთის #2 უბანზე. „ევროპული საქართველოს“ მიერ საარჩევნო კომისიებში დანიშნულმა წევრმა უარი განაცხადეს წილისყრაზე გლდანის #40 უბანი.
წილისყრის ჩატარების შემდეგ კომისიის წევრებმა თვითნებურად გადაცვალეს ფუნქციები დიდუბის #18 უბანზე. საიას დამკვირვებლის მოთხოვნის საფუძველზე დარღვევა აღმოიფხვრა, კომისიის თავმჯდომარემ ხელახლა ჩაატარა წილისყრა კომისიის წევრებს შორის ფუნქციების გამოსავლენად.
კრწანისის #9 უბანზე „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ საუბნო საარჩევნო კომისიაში დანიშნულმა კომისიის წევრმა სცადა წილისყრით გამოვლენილი გადასატანი ყუთის გამყოლი წევრის ფუნქცია კომისიის სხვა წევრისთვის გაეცვლა. საიას დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ მან წილისყრით გამოვლენილი ფუნქცია შეასრულა და გაჰყვა გადასატან ყუთს.
სამგორის #92 უბანზე კომისიის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიაღებინა მორიგ წილისყრაში კომისიის იმ წევრებს, ვინც უარი განაცხადა გადასატანი ყუთის გაყოლაზე, რაც დარღვევაა.
საარჩევნო კოდექსის თანახმად (61-ე მუხლის მე-2 პუნქტის დ) და დ)1) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან წილისყრით გამოავლენს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის 2 წევრს (აუცილებლობის შემთხვევაში). თუ წილისყრით გამოვლენილი გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი უარს განაცხადებს მისთვის მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე, იგი კარგავს კომისიის წევრთა სხვა ფუნქციების გასანაწილებლად ჩასატარებელ მორიგ წილისყრაში მონაწილეობის უფლებას. აღნიშნული კომისიის წევრისთვის ფუნქციის მინიჭების საკითხს წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
ბაღდათის #16 უბანზე ჩანაწერთა წიგნზე დასალუქ ზონარზე არ ფიქსირდება კომისიის ბეჭედი, კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერები, რაც საარჩევნო კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევაა.
ამ დროისთვის ზემოთ აღნიშნულ დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა დაწერეს 10 საჩივარი და 2 შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში.