თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ახალციხის საკრებულოს ყოფილი თანამშრომლების თეა ბაღდოშვილისა და ეკა ტატალაშვილის საქმეზე, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლის მიხედვითაც საკრებულომ ორივე მათგანი სამსახურში უნდა დააბრუნოს და იძულებით განაცდურიც აუნაზღაუროს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ახალციხის საკრებულოს საჩივარი არ დააკმაყოფილა. მეორე ინსტანციის სასამართლომ საკრებულოს ყოფილი თანამშრომლების თეა ბაღდოშვილისა და ეკა ტატალაშვილის საქმე დღეს 26 ოქტომბერს განიხილა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ძალაში დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც ბაღდოშვილისა და ტატალაშვილის სამსახურში დაბრუნებასა და მათთვის იძულებით განაცდურის ანაზღაურებას ითვალისწინებს. ორივე მათგანი სამსახურიდან თვითმმართველობების რეორგანიზაციის შემდეგ გაათავისუფლეს.
ახალციხის საკრებულოს ინტერესებს, სააპელაციო სასამართლოშიც დაქირავებული იურისტი პაატა კიკვიძე იცავდა. გაასაჩივრებს თუ არა უზენაესს სასამართლოში წარმომადგენლობითი ორგანო სააპელაციოს გადაწყვეტილებას ჯერ უცნობია.
„ჯერ არ ვიცით, ჩაგვბარდება გდაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი და შემდეგ ვიმსჯელებთ მაგაზე“, – განაცხადა ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ.
შეგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტის რეორგანიზაციის შემდეგ საკრებულოდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა ეკა ტატალაშვილმა და თეა ბაღდოშვილმა, მათი გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნიეს. მათ საკრებულოს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართეს და საქმე მოიგეს.