ბათუმში ინასპარიძის ქუჩის მცხოვრებლებმა პროტესტის ნიშნად გზა ავტომობილებით ჩახერგეს (ფოტო)

732

ბათუმში, ინასარიძის 24 ნომერში, მცხოვრებმა მოქალაქეებმა კორპუსის წინ არსებული გზა ტრანსპორტით ჩახერგეს და დროებით გადაკეტეს. ამბობენ, რომ სახლის წინ მდებარე ტერიტორია კანონით ამხანაგობას ეკუთვნის, თუმცა მიმდებარედ აშენებული მრავალსართულიანი ობიექტების გამო, წლებია ეზო საავტომობილო გზად იქცა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ადგილობრვები ყვებიან, რომ ბათუმის მერიას ტერიტორიის მოწესრიგების მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა უარი მიიღეს. მათი თქმით, თვითმმართველობაში განუმარტეს, რომ მიწის ნაკვეთი ამხანაგობის ბალანსზე იყო, ამიტომ სამუშაოები ვერ განახორციელებდნენ.

მოქალაქეები მზად არიან ნაკვეთი საავტომობილო გზისთვის მერიას დაუთმონ, სანაცვლოდ კი კორპუსთან ახლოს არსებული სხვა ტერიტორიას ითხოვენ.

ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც მივიდნენ და მოსახლეობას გზის გახსნა სთხოვენ.

ინასარიძის 24 ნომერთან დღეს ბათუმის მერიის წარმომადგენლებიც მივიდნენ. სულხან ევგენიძის განცხადებით, ადგილმონაცვლეობის საკითხი დღის წესრიგში დგას. მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაგეგმილია წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია, რის შემდეგაც გზაზე ასფალტს დააგებენ.

საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე ამ წუთებში მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს ხვდება, რომელსაც პროექტის დეტალებს გააცნობენ.