ISFED: მუნიციპალიტეტებში საპრეზიდენტო კანდიდატების სააგიტაციო მასალას აზიანებენ

997

25 ოქტომბერს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. დოკუმენტში მიმოხილულია 1-დან 24 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი, აგრეთვე მოვლენები, რომელთა განვითარებაც 1 ოქტომბრამდე დაიწყო და მათ შესახებ მონიტორინგის პერიოდში გახდა ცნობილი.

“საპრეზიდენტო კანდიდატების შეხვედრებზე ხშირია წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის ფაქტები. მსგავსი ქმედებები ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა კასპში, რუსთავსა და ჩუღურეთში.

ორგანიზაციის დაკვირვებით, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტენდენციის სახე აქვს სხვადასხვა საპრეზიდენტო კანდიდატის სააგიტაციო მასალის დაზიანებას. 16-17 ოქტომბერს თბილისსა და სხვა 28 მუნიციპალიტეტში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის სააგიტაციო პლაკატები და პარტიის ოფისები წითლად გადაღებეს და წააწერეს “KGB”.

არჩევნებამდე 10 დღით ადრე თბილისის მერმა, კახა კალაძემ “თბილსერვის ჯგუფს“ სპეციალურად გამოყოფილი ადგილების გარდა გაკრული სააგიტაციო პლაკატების ჩამოხსნა დაავალა. საგულისხმოა, რომ არჩევნების დანიშვნიდან 10 დღის ვადაში უნდა გამოქვეყნდეს ადგილების ჩამონათვალი, სადაც სააგიტაციო მასალის განთავსება ნებადართულია ან/და აკრძალულია. ამ მომენტისთვის, გაურკვეველია დასუფთავების სამსახური მხოლოდ აკრძალული ადგილების ჩამონათვალით ხელმძღვანელობს თუ ყველა იმ ადგილს ასუფთავებს, სადაც სპეციალური სტენდები არ არის გამოყოფილი”, – ნათქვამია “სამართლიანი არჩევნების“ კვლევაში.

კვლევის სრულად სანახავად გადადით ბმულზე.

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.