ISFED: საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს ე.წ. “მხარდამჭერთა სიების“ შეგროვებას ავალებენ

855

25 ოქტომბერს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. დოკუმენტში მიმოხილულია 1-დან 24 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი, აგრეთვე მოვლენები, რომელთა განვითარებაც 1 ოქტომბრამდე დაიწყო და მათ შესახებ მონიტორინგის პერიოდში გახდა ცნობილი.

არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, “სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებისთვის სხვადასხვა რეგიონში გახდა ცნობილი, რომ საჯარო სამსახურებში და მუნიციპალიტეტების ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ პირებს ხელმძღვანელი თანამდებობის პირები ავალებენ ე.წ. “მხარდამჭერთა სიების“ შეგროვებას.

“დამკვირვებლების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების მიხედვით, ასეთი სიებში, მიეთითება ადგილობრივ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ნათესავების და ახლობლების სახელი, გვარი, პირადი ნომერი, რეგისტრაციის მისამართი, საარჩევნო უბნის ნომერი. სიის შემდგენ პირს ევალება უზრუნველყოს, რომ სიაში ჩამოთვლილი პირები ხმას “ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს მისცემენ. აღნიშნული ფაქტები, ზეწოლისა და იძულების გარდა, ასევე, შეიცავს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებს. დაფიქსირდა ზეწოლის და იძულების სხვა შემთხვევებიც, მათ შორის სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მიმართ დახმარებების მოხსნის მუქარა, თუ ისინი „ქართული ოცნების“ კოორდინატორებს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას არ დაუდასტურებენ”, – ნათქვამია “სამართლიანი არჩევნების“ კვლევაში.

კვლევის სრულად სანახავად გადადით ბმულზე.

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.