“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ თოდუამ გადაცემა “დისკუსია ლაივპრესში“ სტუმრობისას, რომელიც წინასაარჩევნო გარემოს დაეთმო., განაცხადა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში შვებულებით ზუგდიდის მერიის 160-მდე თანამშრომელმა ისარგებლა. მისი თქმით, ორგანიზაციის მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 11 ოქტომბრის მდგომარეობით, შვებულება, დაახლოებით, 120-მა ადამიანმა, 11-დან 24 ოქტომბრის ჩათვლით კი 38-მა პირმა გამოიყენა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
“ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი სარგებლობენ შვებულებით იმისთვის, რომ ჩაერთონ წინასაარჩევნო აგიტაციაში. უმეტეს შემთხვევაში, ჩვენი აზრით, შეიძლება ამ ფაქტთან გვქონდეს საქმე“, – აღნიშნა არჩილ თოდუამ.
მისივე თქმით, წინასაარჩევნო შეხვედრების დროს აქტიურად ხდება საჯარო მოხელეთა მობილიზება. ისინი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, არ არღვევენ კანონს, რადგან არასამუშაო საათებში, ან შაბათ-კვირას იმართება მსგავსი შეხვედრები, თუმცა ფაქტია, ძალიან ბევრი საჯარო მოხელე იქ ეწევა აგიტაციას.
“კანონს არ არღვევს, თუმცა პრობლემატური საკითხია ის, რომ საჯარო სექტორი ამ დონეზეა პოლიტიზირებული“, – განმარტა მან.
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.