თბილისის მერიამ ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 8 ნოემბერს დაიწყება და 13 ნოემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 2 394 670 ლარია. ინფორმაციას ბიზნესპრესნიუსი ავრცელებს.
“ხიდზე გათვალისწინებულია ახალი კონსტრუქციის სავალი ნაწილის, სადეფორმაციო ნაკერებისა და რკინაბეტონის თვალამრიდების მოწყობა, ხიდის სადეფორმაციო ნაკერებიდან წყლის მომცილებელი სისტემის, დაზიანებული და ჩამოტეხილი საკარადე კედლების რეაბილიტაცია, არსებული განათების ბოძების მხოლოდ გაწმენდა და შეღებვა, გადახრილი საყრდენი ნაწილების გასწორება დასაშვებ სიდიდემდე, სანაპირო ბურჯების დანაგვიანებული შიგნითა სივრცის გასუფთავება და ხიდის მისასვლელებზე ახალი სანიაღვრე ჭებისა და ჭების დამაკავშირებელი პოლიეთილენის წყალმომცილებელი მილების მოწყობა,“-აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
სატენდერო პირობების თანახმად, სამუშაოების მიწოდების ვადად წერილობითი დავალების მიცემიდან 150 კალენდარული დღეა განსაზღვრული.
შეგახსენებთ, რომ ვახუშტის ხიდის რეაბილიტაცია თბილისის მერიას რამდენიმე თვის წინაც სურდა და სამუშაოებისთვის, დაახლოებით, 1,7 მლნ ლარის გამოყოფას გეგმავდა. რეაბილიტაცია კი, გამარჯვებულ კომპანიას 180 დღეში უნდა დაესრულებინა. თუმცა ხიდის რეაბილიტაციით მხოლოდ ერთი კომპანია დაინტერესდა, საბოლოოდ კი ტენდერი ჩაიშალა.