ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციის ტენდერით მხოლოდ ერთი კომპანია დაინტერესდა

800

წინა სტატია

თბილისში, ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო. ამხანაგობა ,,ელიტ და კომპანიამ“ ქალაქის მერიას პროექტის განხორციელებაში 1 მილიონ 692 ათასი ლარი შესთავაზა. ეს თანხა, საწყის ფასთან შედარებით, მხოლოდ 8 ათასით ნაკლებია. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.

თბილისის მერია უკვე მეოთხედ ცდილობს ამ პროექტისთვის გამარჯვებულის გამოვლენას. იანვარში გამოცხადებულ ტენდერში განაცხადი არავის შეუტანია.სატენდერო პირობებით გამარჯვებულმა კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში უნდა დაასრულოს.

ამხანაგობა ,,ელიტ და კომპანია“ ორი კომპანიის, ქართული ,,ელიტ ბილდერ გრუპისა“ და აზერბაიჯანული კომპანია ,,პირამიდას“ თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. შეთანხმების მიხედვით, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციას ახლავს, სარეაბილიტაციო სამუშაოები ქართულმა ,,ელიტ ბილდერ გრუპმა“ უნდა შეასრულოს. გაერთიანების სავარაუდო მიზეზი კი ისაა, რომ პრეტენდენტს გამოცდილება 2015 წლის 1 იანვიდან მოეთხოვება, ,,ელიტ ბილდერ გრუპი“ კი რეესტრის მონაცემებით უფრო გვიან, 2016 წლის ზაფხულშია დაფუძნებული.

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ტენდერების მონიტორის მიხედვით, აღნიშნულ კომპანიებს ამხანაგობის სახელით მხოლოდ 1 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი აქვთ მოგებული. მათ შორისაა ხარაგაულის რაიონის სოფელ ჩრდილში 2,4 კილომეტრის სიგრძის გზის რეაბილიტაციის 318 ათას ლარიანი პროექტი. კომპანიას სამუშაოები ხელშეკრულების მიხედვით 2017 წლის 26 ოქტომბერს უნდა დაესრულებინა, თუმცა მოგვიანებით ვადები შეუცვალეს და როგორც bm.ge-ს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს მაჟორიტარმა დეპუტატმა ვლადიმერ ტალახაძემ უთხრა, სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს.