თბილისში ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციაზე ტენდერი ჩაიშალა

776

თბილისში, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდის რეაბილიტაციაზე ტენდერი ჩაიშალა. ტენდერში მონაწილეობაზე განაცხადი არც ერთ კომპანიას არ წარუდგენია. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

თბილისის მერია სამუშაოებისთვის დაახლოებით 1,7 მლნ ლარის გამოყოფას გეგმავდა. რეაბილიტაცია კი, გამარჯვებულ კომპანიას 180 დღეში უნდა დაესრულებინა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ხიდის გამოკვლევების პროცესში  რიგი დეფექტები და დაზიანებები დაფიქსირდა.

„ხიდზე გათვალისწინებულია ახალი კონსტრუქციის სავალი ნაწილის, სადეფორმაციონაკერებისა და რკინაბეტონის თვალამრიდების მოწყობა, ხიდის სადეფორმაციო ნაკერებიდან წყლის მომცილებელი სისტემის, დაზიანებული და ჩამოტეხილი საკარადე კედლების რეაბილიტაცია, არსებული განათების ბოძების გაწმენდა და შეღებვა, გადახრილი საყრდენი ნაწილების გასწორება დასაშვებ სიდიდემდე, სანაპირო ბურჯების დანაგვიანებული შიგნითა სივრცის გასუფთავება და ხიდის მისასვლელბზე ახალი სანიაღვრე ჭებისა და ჭების დამაკავშირებელი პოლიეთილენის წყალმომცილებელი მილების მოწყობა“, – აღნიშნულია შპს „კავტრანსპროექტის“ მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც ხიდის რეაბილიტაციის გეგმას მოიცავს.