ასპინძაში “ოცნების” წევრები გაზეთებს, სავარაუდოდ, ზურაბიშილის საარჩევნო აგიტაციისთვის ავრცელებენ

753

ასპინძაში მოსახლეობას წინასაარჩევნოდ მუნიციპალიტეტის მერიის პირველი პირები და ზურაბიშვილის შტაბის წევრები, სარეკლამო გაზეთებს სახელწოდებით – “ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ ურიგებენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

გაზეთში მთავრობის მხარდაჭერილი კანდიდატის ზურაბიშვილის შესახებ ხელისუფლების პირველი პირების მოსაზრებები, ასევე “ოცნების“ მიერ ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული პროექტების შესახებ წერია. ბოლო გვერდზე სალომე ზურაბიშვილის ფოტო, საარჩევნო სლოგანი და ნომერი, პირველ გვერდზე კი ბიძინა ივანიშვილის ფოტო და ასევე, “ოცნების“ პარტიული ლოგოა გამოტანილი. იურისტები აღნიშნულ ფაქტს ირიბი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად აფასებენ.

ერთ–ერთი შეხვედრა, რომელზეც ეს გაზეთები დაარიგეს 21 ოქტომბერს სოფელ საროში გაიმართა.

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის როსტომ მაგრაქველძის თქმით გაზეთები თბილისიდან ჩადის და არ იცის შიგნით რა წერია. როგორც თავად აღნიშნავს ერთ გამოცემაზე ერთად დატანილ პარტიულ ლოგოსა და ზურაბიშვილის ფოტოში პრობლემას ვერ ხედავს. მაგრაქველიძის თქმით, პარტია ღიად უჭერს მხარს კანდიდატს და ეს ყველაფერიც ამის ნიშანია.

გაზეთის ასეთი სახით დაბეჭდვაში ირიბად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებს ხედავს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ქეთი ბებიაშვილი. მისი თქმით, ამ საკითხით აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს.

ბებიაშვილის მოსაზრებას იზიარებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ იურისტი გიგი ჩიხლაძეც: “შესაძლოა, დამკვეთი მითითებული სხვა იყოს გაზეთზე და რეალურად მის დასაბეჭდად ფულს სხვა იხდიდეს. ამ ყველაფერს შესწავლა სჭირდება“.

იურისტების თქმით, ასპინძის მუნიციპალიტეტი არაა ერთადერთი, სადაც ზურაბიშვილის პროგრამა ასეთი ფორმით ვრცელდება. მსგავსი ფაქტები საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ხდება.