ახალციხეში სტუდენტები ამბობენ, რომ დილის საათებში მუნიციპალური ტრანსპორტით მოძრაობა გაუსაძლის პირობებში უწევთ. ახალგაზრდები ტრანსპორტის დამატებას დილის საათებში, საბარგო სადგურზე მცხოვრებლები კი მათ დასახლებაში სამარშრუტო ტაქსის დანიშვნას ითხოვენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ახალციხის ცენტრალურ ქუჩებში ორი შიდა სამარშრუტო ტაქსი 08:30–საათიდან 18:00–საათამდე, ყოველ ნახევარ საათში ერთხელ სადგურიდან უნივერსიტეტის და საავადმყოფოს მიმართულებით დადის. დილის საათებში მგზავრების სიმრავლის გამო, ორ სამარშრუტო ტაქსს ავტობუსიც ემატება. მიუხედავად ამისა, მგზავრები ამბობენ, რომ ადგილები საკმარისი არ არის.
ქალაქ ახალციხეში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოქალაქეების გადაყვანას შპს “ჯეოტვი“ უზრუნველყოფს. თუმცა, კომპანიას ახალციხის მერიასთან აქვს დადებული ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც თივთმმართველობა მოქალაქეების მგზავრობის ღირებულების ნახევარს ფარავს. წლის განმავლობაში ამისთვის ბიუჯეტიდან 22 ათასი ლარი იხარჯება.
ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ საქალაქო ტრანსპორტს საბარგო სადგურზე გზის მშენებლობის დასრულებისთანავე დანიშნავენ. რაც შეეხება ქალაქის სხვა უბნებისთვის საქალაქოს გამოყოფას ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე ამბობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის დამატებას სპეციალური ლიცენზია, ან სხვა რეგულაციები არ სჭირდება. მისი თქმით, მოქალაქეებს თვითონ შეუძლიათ მარშრუტის განხორციელება ბიზნესად აქციონ და მოსახლეობასაც მოემსახურონ და საკუთარ ოჯახებსაც.
შეკითხვაზე, შევა თუ არა წილობრივ დაფინანსებაში თვითმმართველობა ადგილბორივების მიერ დანიშნულ რეისებშიც მელიქიძემ ამბობს: “ასე ვერ გეტყვით, გააჩნია ვინ იქნება, რა პირობები ექნება და ამის მიხედვით განვსაზღვრავთ“.