გრანტის მიღების მიზნით, ევროკავშირში წარსადგენი პროექტების მართვისა და ინვესტირების პროცესთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანიის სწორად დაგეგმვის უზრუნველსაყოფად, დღეს გორის მერიაში ერთმანეთის პარალელურად ორი შეხვედრა მიმდინარეობდა.
მერიის ცნობით, აღნიშნული საკითხების შესახებ, პოლონელმა ექსპერტებმა ინფორმაცია ეკონომიკური სამსახურისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით მომუშავე თანამშრომლებს გააცნეს.
ევროკავშირში წარსადგენი საპროექტო წინადადებების განხილვისა და შერჩევის მიზნით, პოლენელებთან შეხვედრა რამდენიმე კვირის წინ გაიმართა.
“გორის მუნიციპალიტეტისთვის შემუშავებული 9 საპროექტო წინადადება დაკავშირებულია საგზაო, წყალმომარაგების, ტურისტული და სოციალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისა და პოლონელი ექსპერტების თანამშრომლობით, საჭიროებათა შეფასებების, ევროკავშირის სტანდარტების გამოყენებით და საქართველო 2018-2021 რეგიონული განვითარების პროგრამაზე დაყრდნობით შემუშავდა.
დასაფინანსებლად წარსადგენი დოკუმენტების შემუშავება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი დაგეგმვის სისტემების საშუალებით“ პროექტის ფარგლებში ხორციელდება”, – აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.