ვანის ქვაბებში ბერების კელიას მეტალოპლასტმასის კარი და ორი ფანჯარა აქვს. ქვედა იარუსზე კი სატრაპეზოსთვის ბერებმა ქვაბული თავად ამოაშენეს და აქაც მეტალოპლასტმასის კარი და ორი ფანჯარა ჩასვეს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ვანის ქვაბებში ორ იარუსზე ყავისფერი მეტალოპლასტმასის კარ–ფანჯრები მონასტრის წინაძღვარმა, იღუმენმა მათე ვაშაყმაძემ ჩასვა.
“მოგეხსენებათ, რომ აქ მკაცრი კლიმატური პირობებია, ხის ფანჯრებიც გვაქვს, მაგრამ სენაკებში სიცივე შედის. გარდა ამის ტემპერატურის ცვალებადობის გამო მისი (ხის კარ–ფანჯრის) გაღება და დაკეტვა ძალიან რთულია, ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, – ამბობს იღუმენი მათე და ამატებს, რომ ქვაბულში ქვებით სატრაპეზოც მათ ამოაშენეს.
ამის გამო იღუმენმა მათემ კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოდან სიტყვიერი შენიშვნა მიიღო.
“მას შემდეგ რაც სასულიერო პირები გავაფრთხილეთ, მსგავსი რამ აღარ განმეორებულა. დაგვპირდნენ, რომ ჩვენთან შეთანხმების გარეშე არაფერი შეიცვლება. მას შემდეგ რაც ვანის ქვაბების რეაბილიტაცია დაიწყება ეს კარ–ფანჯრებიც შეიცვლება“, – ამბობს კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე.
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტის ქეთი ბებიაშვილის თქმით, ეროვნული მნიშვნელობის ისტორიულ ძეგლზე კანონდარღვევით მშენებლობის წარმოება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექისის 88–ე მუხლის მიხედვით, 12 000 ლარით ჯარიმდება: “კულტურის სამინისტროს გონივრული ვადა უნდა მიეცა ამ დარღვევის გამოსასწორებლად და თუ არ დაუბრუნებდნენ ძეგლს პირვანდელ სახეს სამართალდარღვევის ოქმი შეედგინათ”.
მონასტერში ამბობენ, რომ მეტალოპლასტმასის კარ–ფანჯრები ქვაბულებში ბოლო შვიდი წლის განმავლობაში სხვადასხვა დროს ჩაისვა.
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით, სამი კვირაა, რაც გახშირებული ქვათაცვენის გამო ვანის ქვაბების სამონასტრო კომპლექსი ვიზიტორებისთვის დაიკეტა. მონასტრის წინამძღვარი მათე ამბობს, რომ სრულად სამონასტრო კომპლექსის მხოლოდ ის ადგილი უნდა დაიკეტოს, სადაც ქვაბულებია, ეკლესიამდე მისვლა კი ყველას უნდა შეეძლოს, მათ შორის ტურისტებსაც.