გურჯაანის მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო შეიქმნება

878

გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შექმნას გეგმავს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

მერს სათათბირო ორგანოს ჩამოყალიბება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 86-ე მუხლის მიხედვით ევალება. როგორც არჩილ ხანდამაშვილმა განაცხადა, კანდიდატურის წარდგენა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მეწარმე იურიდიულ პირებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და დაინტერესებულ მოქალაქეებს შეუძლიათ.

განცხადებების მიღება მიმდინარე წლის 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში გაწევრიანების მსურველებს განაცხადების წარდგენა მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში ან ელექტრონულ ფოსტაზე  gurjaanisraioni@gmail.com-ზე შეეძლებათ.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, საბჭოს შემადგენლობაში შედიან მეწარმე იურიდიული პირების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 10 წევრით. ამასთან, მერის სათათბირო ორგანოში ერთი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა 1/3-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. მერი ვალდებულია მის მიერ დამტკიცებულ საბჭოს განსახილველად წარუდგინოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი, სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტები, გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წინადადებები, ინფრასტრუქტურული და სოციალური, ასევე, სხვა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები.