ხულოს სოფელ უჩხოში ახალი ბიბლიოთეკა გაიხსნა

1439

ხულოს მუნიციპალიტეტს სოფელ უჩხოში ახალი ბიბლიოთეკა გაიხსნა.

მერიის ცნობით, ახალი ბიბლიოთეკა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და საბიბლიოთეკო ასოციაციის ერთობლივი პროექტის “ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას“ ფარგლებში, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიხსნა.

როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნული პროექტი კვლავაც გაგრძელდება, შედეგად კი მუნიციპალიტეტის მასშტაბით ბიბლიოთეკების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

გახსნას ადგილობრივი ხელისუფლების, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, საბიბლიოთეკო ასოციაციის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის და ბათუმის აკაკი წერეთლის საჯარო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

მერიის ინფორმაციით, სტუმრებმა ბიბლიოთეკას წიგნები და კომპიუტერი გადასცეს, რაც მათი თქმით, ხელს შეუწყობს ადგილობრივ მოსახლეობას, მუდმივად ჰქონდეს ინტერნეტთან წვდომა.