ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ხორცის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა

827

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ხორცის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო “რაჭული ლორი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით – “ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა.

სამინისტრის ინფორმაციით, საწარმოში ჯამურად 762 900 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 323 876 ლარი გრანტია, ხოლო 358024 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.

“საწარმოში წელიწადში 29 ტონაზე მეტ ღორის ხორცს გადაამუშავებს. პროდუქციის რეალიზაცია გათვლილია ადგილობრივ ბაზარზე და, სამომავლოდ, მისი ექსპორტზე გატანაცა არის დაგეგმილი. გადამამუშავებელ საწარმოში 14 ადამიანია დასაქმებული”, – აცხადებენ სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს “ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

2013 წლიდან დღემდე “ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 180 ახალი საწარმოს შექმნა დაფინანსდა.