ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის საბავშვო ბაღის გახსნაზე თანამშრომლების მიერ “ქართული ოცნების“ ლოგოს გამოსახულებით ტორტის გამოცხობა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დარღვევად არ მიიჩნია. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
საარჩევნო კომისია მიიჩნევს, რომ ვინაიდან “ქართული ოცნება“ არ არის სარჩევნო სუბიექტი, ეს ფაქტი ვერ ჩაითვლება საარჩევნო აგიტაციად და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად.
ცესკოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“, რომელმაც მას ამ ფაქტზე რეაგირებისთვის მიმართა.
“ვინაიდან ღონისძიებაზე გამოყენებული იყო პარტიის ლოგოს გამოსახულებიანი ტორტი და საარჩევნო კოდექსის თანახმად, აკრძალულია ამგვარი რესურსის გამოყენება. კერძოდ, ბიუჯეტის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებაზე ორგანიზატორს ეკრძალება აგიტაციის გაწევა და ის არგუმენტი, რომ თავად „ქართული ოცნება“ არ არის რეგისტრირებული სუბიექტი არჩევნებზე, არ არის მისაღები არგუმენტი. ჩვენ არ ვიზიარებთ ამ მოსაზრებას“, – ამბობს “სამართლიანი არჩევნების“ იურისტი ნინო რიჟამაძე.
შეგახსენებთ, რომ კირცხში საბავშვო ბაღის ახალი შენობა 17 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა. გახსნაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია და ჩხოროწყუს მერი დათო გოგუა იმყოფებოდნენ. საბავშვო ბაღის გახსნაზე ბაღის თანამშრომლებმა ტორტი გამოაცხვეს და “ქართული ოცნება“ დააწერეს.
ბაღის გამგე მიმოზა დამენია ამბობდა, რომ “ქართული ოცნების“ ლოგო ტორტზე “ხელისუფლების მიმართ პატივისცემის ნიშნად“ დაიტანეს.