დეპუტატი: ზუგდიდს რომ თვითმმართველის სტატუსი შეუნარჩუნდეს, ოქმში აისახება

737

სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია შეროზიას. მას არც შედეგები გამოუცხადებია კენჭისყრის ბოლოს, თუ ვინ იყო საკითხის მხარდაჭერის წინააღმდეგი და ვინ მომხრე.

კომენტარი გააკეთა მისმა მოადგილემ. თაზო ფაცაციას თქმით, სამი დეპუტატის გარდა ყველამ მოიწონა რეგიონული განვითარების სამინისტროს სამთავრობო კომისიის მიერ წარმოდგენილი წინადადება მუნიციპალიტეტების გაერთიანებაზე. აღნიშნა, რომ სხდომიდან საკრებულოს თავმჯდომარის ორჯერ გასვლა გამოიწვია დარბაზში ხმაურმა, რადგან მოქალაქეები თავად უშლიდნენ ხელს საუბარში ერთმანეთს. განსაკუთრებით მან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე გამოჰყო. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის განმარტებით, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ შეუძლებელი აღმოჩნდა სხდომის წარმართვა, თავმჯდომარემ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.

თაზო ფაცაციას თქმით, რადგან სხდომის მონაწილეებმა ვერ გაიგეს, რომ ნატალია შეროზიამ დააყენა საკითხი კენჭისყრაზე, ამიტომ გახდა შესვენების შემდეგ საკითხის ხელახლა დაყენება აუცილებელი. მისივე თქმით, მათი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად აისახება ოქმში, მათ შორის ისიც, რომ სურვილია აქვთ ზუგდიდს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი შეუნარჩუნდეს.

12 ხმით 3-ის წინაღმდეგ – ზუგდიდის საკრებულომ მხარი დაუჭირა მუნიციპალიტეტების გაერთიანებას. მას მხარი „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ არ დაუჭირა. მანამდე ორჯერ დატოვა დარბაზი საკრებულოს თავმჯდომარემ და სცადა საკითხის კენჭისყრაზე დაყენება. თუმცა მერე სხდომა დახურულად გამოაცხადა.

ამ ყველაფერს წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება როგორც დეპუტატებს, ასევე დეპუტატებს და საკრებულოს თავმჯდომარეს შორის.

არასამთავრობოები სხდომაზე მოვიდნენ პლაკატით – „ზუგდიდი ჩემი ქალაქია“, „მეტი დეცენტრალიზაცია“, „მოქალაქის ძალა თვითმმართველობაშია“.

წყარო: ლაივპრესი