ზუგდიდში კედიას ქუჩასა და მის მიმდებარედ პარკირებაზე საათობრივი გადასახადი დაწესდება (ვიდეო)

1008

წინა სტატია

ზუგდიდის საკრებულოში პარკირების საკითხთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფის ანგარიში მოისმინეს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ დეპუტატებს ის შეთანხმება გააცნო, რომელიც კომპანია “თაუნ პარკთან“ შედგა. კერძოდ, პარკირების 1 კვირიანი – 3 ლარი, 1 თვიანი – 10 ლარი, 3 თვიანი – 15 ლარი, 6 თვიანი – 25 ლარი, 1 წლიანი აბონემენტი კი 40 ლარით განისაზღვრა.

ამასთან, საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, პარკირების საათობრივი გადახდის წესი იმოქმედებს კედიას ქუჩასა და ამ ქუჩის მესამე ჩიხში, შპს “სუპერმარკეტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. კერძოდ, პირებზე, რომლებიც არ ფლობენ აბონემენტს, ავტომანქანის დგომის საფასური საათში ერთი ლარით განისაზღვრება, იმ ადამიანებზე კი, რომლებსაც აქვთ ეს აბონემენტი, მათთვის უფასო პარკირების პერიოდი გაჩერებიდან ერთი საათი, ყოველი მომდევნო საათი კი ერთი ლარი ეღირება.

ენმ-მ რამდენიმე შენიშვნა გამოთქვა შემუშავებულ წესთან დაკავშირებით. პაატა ადამიას თქმით, ეს თანხა, საათში ერთი ლარი მისი აზრით ძვირია. ამას გარდა, განმარტა, რომ გამარჯვებულ კომპანიას ახალი პარკირების ადგილები არ შეუქმნია. პასუხად მამუკა წოწერიამ აღნიშნა – 15 ნოემბრამდე ყველა მონაკვეთი მოწესრიგდება, გარდა იმ ტერიტორიისა, სადაც წყალარინების და წყლის სამუშაოები მიმდინარეობს და “თაუნ პარკი“ ფიზიკურად ვერ შეძლებს პარკირების ადგილების მოხაზვას. სხვა დანარჩენ მონაკვეთებზე, საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, თუ არ მოწესრიგდება ტერიტორია, ხელშეკრულების გაწყვეტას წინ არაფერი დაუდგება.

ადამიას განცხადებით, კარგი იქნება, თუ პარკირებისთვის მეორე სართულიც მოეწყობა, რაც ქალაქის განტვირთვას შეუწყობს ხელს. საპასუხოდ უმრავლესობაში განმარტეს, რომ ეს ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული და დამატებით სახსრებსაც მოითხოვს, რაც ამ დრომდე ზოგიერთმა დიდმა ქალაქმაც კი ვერ უზრუნველყო.

“დღეს გვაქვს ეს მოცემულობა. ამაზე ზევით ვერცერთი კომისია ვერ იზამდა. უკვე ყველაფერი დამოკიდებულია ხელისუფლების და “თაუნ პარკის” თანამშრომლობაზე, როგორ შეუწყობს ის ხელს კომპანიის მუშაობას, რადგან გადათხრილი ქუჩები და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა აისახება მათ მუშაობაზე“, – განაცხადა სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ჩართულმა, “ევროპული საქართველოს“ წევრმა ბათლომე შელიამ.

მისი თქმით, უკვე მხოლოდ კომპანიაზე არ იქნება დამოკიდებული შედეგები, არამედ ხელისუფლებაზეც, თუკი ადგილობრივი თვითმმართველობა ხელს ვერ შეუწყობს საქმიანობის სრულყოფილად განხორციელებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით.

პარკირების საფასურის გადახდას მოქალაქეები „ფეი ბოქსებით“ და ბანკის მეშვეობით შეძლებენ.