“ქალაქის ჩაბეტონებას არავინ არ ფიქრობს” – ასე პასუხობს ბათუმის მერი მოქალაქეებს, რომლებმაც გუშინ აქცია გამართეს ქალაქის ჩაბეტონების წინააღმდეგ. მის ორგანიზატორებს კი მერმა არაკომპეტენტურები უწოდა და ეჭვი გამოთქვა, რომ გამოსვლები შესაძლოა პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდებოდეს, თუმცა არჩევნები იგულისხმა თუ რაიმე სხვა კომახიძე არ დაკონკრეტებულა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზი ავრცელებს.
ლაშა კომახიძე ამბობს, რომ ქალაქის სწორი განაშენიანებისთვის და ისტორიული ნაწილის დაცვისთვის იმაზე მეტი არასდროს გაკეთებულა, როგორც მისი მერობის დროს.
”მათ მიზანს წარმოადგენდა თემის გაცხელება, მისთვის ტემპერატურის აწევა სწორედ ახლა, ამ პერიოდში. მე არ მინდა დავიჯერო, რომ ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს გარკვეულ პერიოდთან, რომელიც სწორედ ახლა არის ქალაქში. ყველა უნდა ვისაუბროთ და ვიმოქმედოთ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნია შესაბამისი განათლება არც აქრიტექტურაში არც კულტურული-ისტორიული მშენებლობის დაცვაში და არც ქალაქმშენებლობის სხვა სფეროში იღებენ საკუთარ თავზე ძალიან დიდ პასუხისმგებლობას, როცა აცხადებენ მათთან შეთანხმებით უნდა მოხდეს საკითხის გადაწყვეტა. მე ვიტყოდი, რომ საზოგადოებასთან დიალოგით აუცილებლად უნდა მოხდეს ბევრი საკითხის გადაწყვეტა, მაგრამ არის საკითხები, რომელიც უნდა გადაწყდეს პროფესიონალების მიერ” – ამბობს კომახიძე.
აშენდება თუ არა სანაპირო ზოლში ცათამბჯენები, რომელსაც მოქალაქეები საზოგადოება ”ბათომთან” ერთად აპროტესტებენ, მერი კოკრეტულად არ ამბობს. მისი თქმით, ამა თუ იმ უბანში მაღალსართულიანი სახლებით განაშენიანებაზე მსჯელობა მისაღებია, თუმცა ხაზგასმით საუბრობს იმაზე, რომ საოცრებათა პარკში მაღალსართულიანი სასტუმროებია.
“რაც შეეხება ზონიდან ტერიტორიების ამოღებას, მე ბევრჯერ ვთქვი და ახლაც გეტყვით, დააკვირდით ამ ზონას, სადაც განთავსებულია ანბანის კოშკი, პორტა თაუერი, სასტუმრო კემპინსკი, რადისონი, ე.წ. ტექნიკური უნივერსიტეტი. ეს რაიონი არანაირ საერთოს არ ატარებს მის ისტორიულ პირველსახესთან. იქ არის ახლა მოედანი, რომელსაც ვეძახით საოცრებათა მოედანს, რომელზეც არის მაღლივი შენობები და აქვს თანამედროვე ევროპული ქალაქის ტურისტული დატვირთვა და ამიტომ მოხდა ამ ზონის ამოღება დაცვის ზონიდან” – აცხადებს მერი.
კომახიძე 5 ვარსკვლავიანი სასტუმროებისა და მრავალსართულიანი შენობების საჭიროებებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ხმაურია უსაფუძვლოდ არის ატეხილი მწვანე კონცხზე მრავალსართულიანი კომპლექსის მშენებლობის დაშვებაზეც.
”ამ ნაწილში ვერ დავეთანხმები “ბათომს”. ქალაქის განვითარებას, მისი ტურისტული პოტენციალის გაფართოება აუცილებლად განვითარება სჭირდება თანამდროვე შენობები, აუცილებლად 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები, მაღლივი შენობები. თუმცა, დიახ, მეც ვადასტურებ უნდა მოხდეს არქიტექტურული სტანდარტების დაცვით და შესაბამისი უბნების სპეციფიკურობის გათვალისწინებით. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. ჩვენ ამაზე განსხვავებული და რადიკალური შეხედულება არა გვაქვს. ის კონკრეტული მაგალითები, ცალკეულ ადგილებში (იგულისხმება მწვანე კონცხზე) 27 სართულიანი სახლების დაშვებას, რომელსაც მოჰყვა ორგანიზაციის მხრიდან ამდენი ხმაური, ვფიქრობ რომ არის ზედმეტად ანგაჟირებული” – ამბობს კომახიძე.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქცია “შეწყდეს ბათუმის ჩაბეტონება” მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ბათუმის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონიდან საზოგადოებრივი სივრცე – ბათუმის რივიერა და დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორია გაქრა.