ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია შეროზიამ დაპირისპირების ფონზე კენჭისყრაზე ორჯერ დააყენა საკითხი რეგიონული განვითარების სამინისტროს სამთავრობო კომისიის წერილის მოწონების შესახებ, თემის და ქალაქის გაერთიანების თაობაზე, თუმცა მასში მონაწილეობა არავის მიუღია. არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციამ პროტესტი გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ არ შეიძლება კენჭისყრაზე გაიტანონ საკითხი, მაშინ, როცა ყველას ჯერაც არ გამოუთქვამს მოსაზრებები, მათ შორის მოქალაქეებს. ნატალია შეროზიამ სხდომა დატოვა, თუმცა რამდენიმე წუთში ისევ მობრუნდა და იგივე განაცხადა, რომ ხმაურის ფონზე შეუძლებელია სხდომის წარმართვა, ამიტომ უმჯობესია საკითხი კენჭისყრაზე დააყენონ. მის ამ სიტყვებს უკმაყოფილება კვლავ მოჰყვა. მან ხელმეორედ დატოვა სხდომათა დარბაზი და განაცხადა, რომ ის დახურულია. თუმცა ორჯერვე, როცა კენჭისყრაზე საკითხის დაყენება სცადა, ხელი ასწია სამთავრობო ინიციატივის მხარდაჭერის ნიშნად და დარბაზი ისე დატოვა.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაციამ საპირისპირო თქვა, რომ რეალუარდ სხდომა არ დახურულა, არამედ გამოცხადდა შესვენება. არასამთავრობოები და ოპოზიცია აღნიშნავენ, რომ შეუძლებელია სხდომა დახურულად გამოცხადდეს, რადგან საკითხი კენჭისყრაზე არც გაუტანიათ და არც ის დაფიქსირებულა, ვინ მისცა ხმა, ვინ კი წინააღმდეგი იყო.
ნატალია შეროზიას კომენტარი ჟურნალისტებთან არ გაუკეთებია. მედიის წარმომადგენლები ცდილობენ მასთან გასაუბრებას, რომ განმარტოს სხდომაზე მომხდარი.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა, სადაც თემის და ქალაქის გაერთიანების საკითხს განიხილავენ, სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს და საკრებულოს თავმჯდომარეს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.
არასამთავრობოები სხდომაზე მოვიდნენ პლაკატით – „ზუგდიდი ჩემი ქალაქია“, „მეტი დეცენტრალიზაცია“, „მოქალაქის ძალა თვითმმართველობაშია“.
წყარო: ლაივპრესი