ფრაქცია „ზუგდიდის მომავლისთვის“ საკრებულოს სხდომაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა თემის და ქალაქის გაერთიანებასთან დაკავშირებით. ფრაქციის წევრის, ნუგზარ სარიას თქმით, ისინი მხარს უჭერენ გაერთიანების წინადადებას, მხოლოდ შემდეგი არგუმენტების გათვალისწინებით:
„მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ოპტიმიზაცია არ იქნება თვითმმართველობის რეფორმის მთავარი მიმართულება. ძირითადი აქცენტი გადატანილი იქნება თვითმმართველობის გაძლიერებაზე, რაც გულისხმობს თვითმმართველობებისთვის მეტი უფლებამოსილების და მეტი უფლების გადაცემას. შექმნილ მუნიციპალიტეტს უნდა შეუნარჩუნდეს ორივე ბიუჯეტი სრულად. ეფექტიანი მართვის სისტემის ჩამოყალიბების შედეგად დაზოგილი ადმინისტრაციული ხარჯები მიმართული უნდა იქნეს მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილებაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ პროგრამებზე. საკრებულოებს უნდა მიეცეთ დემოკრატიული კონტროლის განხორცეიების რეალური ბერკეტები. თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში უნდა ჩამოყალიბდეს აღმასრულებელი კოლეგიური ორგანო და შესაბამისად მერი არ უნდა იყოს გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიმღები.
თითოეულ სოფელში, უბანში უნდა შეიქმნას ტერიტორიული ორგანოები, რომელთა საქმიანობა კონცენტრირებული უნდა იქნეს მოსახლეობის მიერ წამოჭრილი საკითხების გადაჭრაზე. უნდა დარეგულირდეს ააიპებ-ის შექმნის მექანიზმი, რომ გამოირიცხოს იდენტური პროფილის პარალელური მუნიციპალური ორგანიზაციების არსებობა. ოპტიმიზირებულ უნდა იქნეს დანახარჯები მუნიციპალური სერვისების მიწოდებაზე და ის უფრო მიზნობრივი უნდა გახდეს. უნდა გადაიხედოს გათანაბრებითი ტრანსფერის ფორმულა“.
ნუგზარ სარიას თქმით, დღეს არ არსებობს თვითმმართველობის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია, რაც აუცილებელია. დეპუტატმა აღნიშნა, რომ მთავრობის პრიორიტეტად დეცენტრალიზაცია უნდა დარჩეს, რაც მათი აუცილებელი მოთხოვნაა.
„და რაც ასე მნიშვნელოვანი და მტკივნეულია ზუგდიდელებისთვის, გაერთიანებულ მუნიციპალიტეტს დაურჩეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი. ეს ადვილი გადასაწყვეტია მთავრობისთვის, რაც ვნებათაღელვას აგვარიდებს. ფრაქციის მოსაზრება გაეგზავნება მთავრობას და იქნება ყველა მცდელობა, რომ რეალურად მივიღოთ თვითმმართველი ქალაქი და ამ გაერთიანების შედეგად მოსახლეობა არ დაზარალდეს“, – განაცხადა ფრაქციის წარმომადგენელმა.
სხდომის მიმდინარეობისას ერთმანეთს საკრებულოს ორი დეპუტატი, ანა წითლიძე და თენგიზ ქოჩუაც დაუპირისპირდნენ. ენმ-ის წარმომადგენელი შეეცადა სიტყვა გაეწყვიტინებინა მომხსენებლისთვის, რასაც ქოჩუას გაღიზიანება მოჰყვა.
საკრებულოში იმყოფება არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და დაინტერესებული მოქალაქეები. სხდომას ესწრება ასევე თენგიზ ჯგუშიაც, რომელმაც დღეს მოსალოდნელი გაერთიანება აქციით გააპროტესტა. აქ იმყოფებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მაია კალანდია და ლევან თორია.
არასამთავრობოები სხდომაზე მოვიდნენ პკალატით – „ზუგდიდი ჩემი ქალაქია“, „მეტი დეცენტრალიზაცია“, „მოქალაქის ძალა თვითმმართველობაშია“.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 19 მაისს გამართულ სხდომაზე მოიწონა სამთავრობო კომისიის აღნიშნული წინადადება.