ქუთაისში ყინულის მოედნის აღდგენას ითხოვენ

711

ქუთაისში ყინულის მოედნის აღდგენის მოთხოვნით მოედანთან მოსწავლეები და მშობლები შეიკრიბნენ. მათი თქმით, რვა თვეა დაწესებულება არ ფუნქციონირებს, რადგან ადმინისტრაციამ მთავარი აგრეგატი, რომელიც მოედნის მუშაობას უზრუნველყოფს, ვერ შეიძინა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

მშობლები ყინულის მოედნის ადმინისტრაციას და ქალაქის მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

“ამ მოედანმა ჩემი შვილი გადაარჩინა. ბავშვების ჯანმრთელობისთვის მისი არებობა მნიშვნელოვანია. ამ მოედანზე ჩემპიონები დადიან. ქალაქის მერიამ კი რვა თვის განმავლობაში ყინულის აგრეგატის შეძენა ვერ მოახერხა. თუ მოედანი მუშაობას უახლოეს პერიოდში არ დაიწყებს, უფრო მეტი შევიკრიბებით”, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ქუთაისის მერიის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში აცხადებენ, რომ აგრეგატის შეძენა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

“ადგილობრივ ბიუჯეტში უკვე მოძიებულია თანხები და უახლოეს დღეებში იგეგმება ტენდერზე გაშვება. აგრეგატის შესყიდვამდე რამდენიმე დღეში დაიწყება ყინულის მოედნის გარეცხვა და სხვა ტექნიკური სამუშაოები”, – აცხადებენ სპორტულ ა(ა)იპ-ში.