„თუ ქალაქ თელავის სტატუსის გაუქმებას მხარს დაუჭერთ, კარებს აგიფიცრავთ“

712

თელავი ოზურგეთის შემდეგ მეორე ქალაქია, სადაც საკრებულოს წევრების უმრავლესობამ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს ინიციატივას მხარი დაუჭირა, თუმცა მათ სხდომათა დარბაზი ისე დატოვეს, რომ ჟურნალისტებთან საკითხის კომენტირებას თავი აარიდეს. მოსალოდნელი ცვლილებების განხილვა მწვავე კამათისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა.

ქალაქ თელავის და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანებას ოპოზიციის გარდა, მესამე სექტორი და მოქალაქეებიც აპროტესტებენ. „თუ ქალაქ თელავის სტატუსის გაუქმებას მხარს დაუჭერთ, კარებს აგიფიცრავთ“, – ამ სიტყვებით მიმართა დეპუტატებს ქალაქ თელავში მცხოვრებმა თამილა უტიაშვილმა. ოპოზიცია კი საქართველოს მთავრობის მხრიდან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე განხორციელებულ ზეწოლაზე მიუთითებს. ქალაქ თელავის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბაადურ რევაზიშვილი დაუშვებლად მიიჩნევს მუნიციპალიტეტების გაერთიანებას და ხელისუფლების ინიციატივას მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ აფასებს.

„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურიოს სამინისტრო არ ასახელებს არგუმენტებს. ეს არის პოლიტიკური დაკვეთა. თელავის საკრებულომ ქალაქ თელავს საკუთარი ხელუთ დანა გამოუსვა თელავს, დაასამარა ქალაქის მომავალი. ამის შემდეგ რეგიონული განვითარების სამინისტრო იხელმზღვანელებს საკრებულოს გადაწყვეტილებით. არ უნდა გაუქმდეს თვითმმართველი ქალაქ თელავის სტატუსი, რადგან უფრო ნაკლები პროექტი განხორციელდება. ხელისუფლება არ უსმენს საკუთარ მოქალაქეებს და მათ მოსაზრებას არ იზიარებს“, – განუცხადა knews.ge-ს ბაადურ რევაზიშვილმა.

ქალაქ თელავის საკრებულოს თავჯდომარე გამორიცხავს მთავრობის მხრიდან დაკვეთას. არჩილ თხლაშიძე მხარს უჭერს თვითმმართველი ერთეულების გაერთიენებას და მიუთითებს, რომ ცვლილებების შედეგად შენარჩუნდება კვლავ შეერთებული მუნიციპალიტეტების ფინანსური რესურსები. მესამე სექტორი კი მოსალოდნელ რეფორმას თვითმართველობის რეფორმის დეკლარირებული პრინციპებიდან გადახვევად აფასებს. თელავის დემოკრატიის სკოლის ხელმძღვანელი ნიკოლოზ შარვაშიძე მიიჩნევს, რომ ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანება ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეების ეფექტურ ჩართულობას თვითმმართველობის განხორციელების პროცესში.

„მოქალაქეებს აქვთ გარანტირებნული კონსტიტუციური უფლება, განახორციელონ თვითმმართველობა თავად საკუთარ ქალაქებსა და სოფლებში. ეს არის ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი. ამავე დროს თვითმმართველმა ქალაქმა თელავმა მიიღო გათანაბრებითი ტრანსფერის შედეგად გაზრდილი ბიუჯეტი, რომელსაც ახმარს საკუთარ საჭიროებებს, მხოლოდ. იქიდან გამომდინარე რომ ქალაქი ურბანულად არის განსხვავებული დასახლება, ქალაქში სოფლებისგან განსხვავებით არის სხვა საჭიროებები. თუ მუნიციპალიტეტების გაერთიანდება, ნაკლები ინფრასტრუქტურილი პროექტი განხორციელდება და ნაკლები თანხა დაიხარჯება ქალაქის საჭიროებებზე, რა თქმა უნდა შემცირდება მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში“, – განაცხადა ნიკოლოზ შარვაშიძემ.

არასამთავრობო სექტორის გარდა ხელისუფლების ინიციატივას აპროტესტებს მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი. ნოდარ ეჟიშვილი მოსალოდნელ ცვლილებას პოლიტიკურ მოტივაციას უკავშირებს და ფიქრობს, რომ ორი თვითმმართველი ერთეულის შერწყის მთავარი მიზანი 2017 წლის არჩევნების მარტივად მოგებაა. ეჟიშვილის მოსაზრებით, თელავის ერთ მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბების შემთხვევაში ადგილობრივ თვითმმართველობასა და მოსახლეობას შორის კომუნიკაცია გართულდება.

15 მაისს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 14 მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილი გაუგზავნა, რომლითაც ითხოვს წარმომადგენლობითმა ორგანოებმა იმსჯელონ ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანებაზე. თელავის გარდა საუბარია 7 თვითმმართველი ქალაქის ოზურგეთის, ზუგდიდის, გორის, ამბროლაურის, მცხეთისა და ახალციხის სტატუსის გაუქმებაზე და თემის მუნიციპალიტეტებთან გაერთიანებაზე.

წყარო: კახეთის ხმა