ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებები შევა

2282

წინა სტატია

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებები შედის. ცვლილებების მიზანი მისი ახალ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანაა.

პირველი ცვლილება ეხება კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილს, რომელშიც, “თვითმმართველობის ორგანოების ნაცვლად”, ჩაიწერება “თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები”.

როგორც ცნობილია, ახალი კონსტიტუციის მეცხრე თავის 74-ე მუხლში წერია, რომ “საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს აწესრიგებენ თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მეშვეობით”. 

შესაბამისად, თვითმმართველობის კოდექსში შესული ცვლილებებით, ადგილობრივი თვითმმართველობა იქნება “თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, მათ მიერ არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები.“

კოდექსში შესატანი მეორე ცვლილებით, რომელიც მე-7 მუხლში აისახება, ჩნდება ახალი ჩანაწერი სუბსიდიარობის პრინციპთან დაკავშირებით.

როგორც ცნობილია, კონსტუტუციის ახალი რედაქციით, “მოქალაქეები ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს აწესრიგებებ ადგილობრივი თვითმმართველობის მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. უფლებამოსილებათა გამჯვნა სახელმწიფო ხელისუფლებასა და თვითმმართველ ერთეულებს შორის ეფუძნება სუბსიდიარობის პრინციპს”.

აღნიშნული ჩანაწერი, პრაქტიკულად, ერთადერთი მნიშვნელოვანი ჩანაწერია, რომელიც ახალ კონსტუტუციაში თვითმმართველობასთან დაკავშირებით ჩნდება და რომლის კონსტიტუციაში ასახვასაც ევროსაბჭოს რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესი საქართველოსგან წლების განმავლობაში ითხოვდა. როგორც ცნობილია, სუბსიდიარობა ნიშნავს უფლებამოსილებათა განხორციელებას მმართველობის იმ დონეზე, რომელიც ყველაზე უფრო ახლოს არის მოქალაქეებთან. შესაბამისად, იმ უფლებამოსილებების კონცენტრაცია ცენტრალურ დონეზე, რომლებიც ადგილობრივ დონეზე უკეთ აღსრულდება, მიზანშეწონილი არ არის. 

ახალი კონსტიტუციიდან გამომდინარე, თვითმმართველობის კოდექსშიც ჩნდება ჩანაწერი:  “სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებათა გამიჯვნა ეფუძნება სუბსიდიარობის პრინციპს”.

მესამე ცვლილება ტექნიკურია და, ვინაიდან კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ადგილობრივ თვითმმართველობას, ნაცვლად მე-7 თავისა, მე-9 თავი არეგულირებს, კოდექსში არსებული ჩანაწერიც შემდეგნაირად შეიცვლება: “მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სარჩელით მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს კონსტიტუციის მეცხრე თავთან მიმართებით ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხის განსახილველად”

ცვლილება შედის თვითმმართველობის კოდექსის 48-ე მუხლშიც, რომელიც მერის უფლებამოსილებას არეგულირებს. თუ აქამდე მერი უზრუნველჰყოფდა მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას, ცვლილებების შემდეგ ის, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებასთან ერთად, წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებების აღსრულებასაც უზრუნველჰყოფს.

ახალი კონსტიტუციით, “აღმასრულებელი ორგანოები აღასრულებენ წარმომადგენლობითი ორგანოების გადაწყვეტილებებს და ანგარიშვალდებული არიან მათ წინაშე”.

კანონპროექტის ინიციატორთა თქმით, ეს ცვლილებაც შესაბამისობაში მოდის ახალი კონსტიტუციის სწორედ ამ ჩანაწერთან და ამიტომ კოდექსის 48-ე მუხლი ასე ჩამოყალიბდება: “მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი არის მერი. მერი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს, უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებასა და წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებების აღსრულებას ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნორმატიული აქტების შესაბამისად”.

მეხუთე ცვლილება სახელმწიფო ზედამხედველობას ეხება. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, თუ აქამდე სახელმწიფო ზედამხედველობა პროპორციულობის პრინციპის დაცვით ხორციელდებოდა, ახალი რედაქციით, პროპორციულობის ნაცვლად, სახელმწიფო ზედამხედველობა თანაზომიერების პრინციპის დაცვით განხორციელდება, როგორც ეს კონსტუტუციის ახალ რედაქციაში წერია.

კანონპროექტით გათვალისწინებული მეექვსე, ბოლო ცვლილებით კი საკრებულოს დათხოვნა ან მისი საქმიანობის შეჩერება, ნაცვლად კონსტიტუციის 73-ე მუხლისა, კონსტიტუციის 52-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოხდება, ვინაიდან ახალ კონსტიტუციაში ამ საკითხს სწორედ 52-ე მუხლი დაარეგულირებს, თავად მუხლის შინაარსი კი არ იცვლება.

როგორც ცნობილია, საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია ძალაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე შევა. თვითმმართველობის კოდექსის ეს ცვლილებებიც ამ დღიდან უნდა ამოქმედდეს, თუმცა, მანამდე ის საქართველოს პარლამენტმა უნდა განიხილოს.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებების ინიციატორები რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია და მისი მოადგილე მერაბ ქვარაია არიან.