რა ცვლილებები იგეგმება საქართველოს კონსტიტუციაში თვითმმართველობის კუთხით

2048

საქართველოს კონსტიტუციური კანონი

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 

თავი პირველი. ზოგადი დებულებები

მუხლი 7. ტერიტორიული მოწყობის საფუძვლები

  1. საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება:

ა) კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეობის, ადამიანის უფლებების, ემიგრაციისა და იმიგრაციის, ქვეყანაში შემოსვლისა და გასვლის, საქართველოში სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დროებით ან მუდმივად ყოფნის შესახებ;

ბ) სისხლის სამართლისა და სასჯელაღსრულების, სამოქალაქო სამართლის, ინტელექტუალური საკუთრებისა და სავაჭრო, ადმინისტრაციული სამართლისა და შრომის სამართლის, საპროცესო კანონმდებლობა; მიწის, წიაღისეულისა და ბუნებრივი რესურსების კანონმდებლობა; ფარმაცევტული პრეპარატების კანონმდებლობა; კანონმდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციისა და აკადემიური ხარისხების შესახებ; მეცნიერებათა ეროვნული აკადემია;

გ) საგარეო პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები; საგარეო ვაჭრობა, საბაჟო და სატარიფო რეჟიმები;

დ) სახელმწიფოს თავდაცვა, შეიარაღებული ძალები, სამხედრო მრეწველობა და იარაღით ვაჭრობა; ომისა და ზავის საკითხები; საგანგებო და საომარ მდგომარეობათა სამართლებრივი რეჟიმის დადგენა და შემოღება; სასამართლოები და პროკურატურა; სახელმწიფო უსაფრთხოება; კრიმინალური პოლიცია და გამოძიება; სახელმწიფო საზღვრების სტატუსი, რეჟიმი და დაცვა; სასაზღვრო-სანიტარიული კორდონი;

ე) სახელმწიფო ფინანსები და სახელმწიფო სესხი; ფულის ემისია; საბანკო, საკრედიტო, სადაზღვევო და საგადასახადო კანონმდებლობა;

ვ) სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რკინიგზა და საავტომობილო გზები; ერთიანი ენერგეტიკული სისტემა და რეჟიმი; კავშირგაბმულობა; ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სტატუსი, მათი დაცვა; ავიაცია; სავაჭრო ფლოტი; გემთა ალმები; საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნავსადგურები; თევზჭერა ოკეანესა და ღია ზღვაში; მეტეოროლოგია; გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების სისტემა; სტანდარტები და ეტალონები; გეოდეზია და კარტოგრაფია; ზუსტი დროის დადგენა; სახელმწიფო სტატისტიკა.

  1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები და მათი განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციური კანონებით, რომლებიც კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია.
  2. საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა გადაისინჯება კონსტიტუციური კანონით, უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპის საფუძველზე, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ.
  3. საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს აწესრიგებენ ადგილობრივი თვითმმართველობის მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. უფლებამოსილებათა გამიჯვნა სახელმწიფო ხელისუფლებასა და თვითმმართველ ერთეულებს შორის ეფუძნება სუბსიდიარობის პრინციპს. სახელმწიფო უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ფინანსური სახსრების შესაბამისობას ორგანული კანონით დადგენილ მის უფლებამოსილებებთან.

თავი მეცხრე. ადგილობრივი თვითმმართველობა

მუხლი 74. თვითმმართველობის ორგანოები, საზღვრები, სამართლებრივი საფუძვლები

  1. საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს აწესრიგებენ თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მეშვეობით. წარმომადგენლობითი ორგანო აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. აღმასრულებელი ორგანოები აღასრულებენ წარმომადგენლობითი ორგანოების გადაწყვეტილებებს და ანგარიშვალდებული არიან მათ წინაშე.
  2. თვითმმართველი ერთეული არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი. გადაწყვეტილებას თვითმმართველი ერთეულის შექმნის, გაუქმების და მისი საზღვრების შეცვლის თაობაზე შესაბამის თვითმმართველ ერთეულებთან კონსულტაციით მთავრობის წარდგინებით იღებს პარლამენტი.
  3. ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება ორგანული კანონით დადგენილი წესით.

მუხლი 75. თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებები

  1. სახელმწიფო ხელისუფლების და თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებები გამიჯნულია.
  2. თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია კანონმდებლობის დაცვით თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება ყველა იმ საკითხზე, რომელიც კანონით არ მიეკუთვნება სახელმწიფო ხელისუფლების ან ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ უფლებამოსილებას და რომელზე გადაწყვეტილების მიღება კანონით არ გამოირიცხება თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებიდან.
  3. თვითმმართველი ერთეული საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს დამოუკიდებლად და თავისი პასუხისმგებლობით, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში. ორგანული კანონით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებები სრული და ექსკლუზიურია.
  4. სახელმწიფო ხელისუფლების მიერ თვითმმართველი ერთეულისთვის უფლებამოსილების დელეგირება ხორციელდება საკანონმდებლო აქტის ან ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსების გადაცემით.
  5. სახელმწიფო ხელისუფლება ახორციელებს სამართლებრივ ზედამხედველობას თვითმმართველი ერთეულის საქმიანობაზე. თვითმმართველი ერთეულის საქმიანობის ზედამხედველობა გადაწყვეტილებათა მიზანშეწონილობის უზრუნველყოფის მიზნით დასაშვებია მხოლოდ დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან მიმართებით. სახელმწიფო ზედამხედველობა ხორციელდება ორგანული კანონით დადგენილი წესით, თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად.

მუხლი 76. თვითმმართველობის გარანტიები

  1. თვითმმართველ ერთეულს აქვს საკუთარი ქონება და ფინანსები.
  2. თვითმმართველი ერთეული ორგანული კანონის შესაბამისად დამოუკიდებლად ადგენს თავის ორგანიზაციულ მოწყობას, ორგანული კანონისა და საჯარო სამსახურის მომწესრიგებელი კანონმდებლობის შესაბამისად დამოუკიდებლად იღებს საკადრო გადაწყვეტილებებს.
  3. თვითმმართველ ერთეულს თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად უფლება აქვს ორგანული კანონით დადგენილი წესით ითანამშრომლოს სხვა თვითმმართველ ერთეულთან. თვითმმართველ ერთეულს ორგანული კანონით დადგენილი წესით უფლება აქვს გაწევრიანდეს თვითმმართველ ერთეულთა გაერთიანებებში.
  4. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს იღებენ თვითმმართველ ერთეულებთან კონსულტაციით. კონსულტაციის გამართვის წესს ადგენს ორგანული კანონი.
  5. თვითმმართველობის ორგანოს მიერ მისი უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე შესასრულებლად სავალდებულოა.

ასევე იხილეთ:

საქართველოს კონსტიტუციური კანონი “საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ” 

განმარტებითი ბარათი

საქართველოს კონსტიტუციური კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ 

განმარტებითი ბარათი