მთავრობა წელს საფერავის ჯიშის ყურძნის სუბსიდირებას აღარ მოახდენს

939

წელს საფერავის ჯიშის ყურძენზე სუბსიდირება არ განხორციელდება, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, საფერავის ჯიშის ყურძენზე სუბსიდირების განხორციელების საჭიროება არ არსებობს. მინისტრის განმარტებით, ასევე მოლოდინები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ სუბსიდირება არ განხორციელდეს რქაწითელის ჯიშის ყურძენზეც.

დავითაშვილის განცხადებით, უკვე ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ საფერავის ჯიშზე სუბსიდირება არ განხორციელდეს, ხოლო მთავრობაში სხვა ჯიშის ყურძენთან დაკავშირებით სუბსიდირების საკითხებზე შეჯერებული პოზიცია არ არსებობს.

მინისტრის თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში შეიქმნა გარკვეული ინსტრუმენტები, რომ ბრენდის ინდუსტრიამ სპირტის გამოსაყოფი რქაწითელი დააფინანსოს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად მოლოდინებისა და არსებული გადაწყვეტილებისა, რთველის პროცესში მას გლეხებსა და მწარმოებლებთან ექნება კომუნიკაცია.

“წელს ყურძნის სუბსიდირება არ გვექნება საფერავში. მოლოდინი ისეთია, რომ სუბსიდირება არ გვექნება არც თეთრ ყურძენზე. ჩვენ ბოლო სამი წლის განმავლობაში დავიწყეთ გარკვეული ინსტრუმენტების შექმნა, რომ ბრენდის ინდუსტრიამ სპირტის გამოსაყოფი რქაწითელი დააფინანსოს. ეს არის დღეის გეგმა. რთველის დროს გვექნება კომუნიკაცია. ანუ ეს არის მთავრობაში შეჯერებული სცენარი, მაგრამ მოლოდინები გვაქვს, რომ საფერავსა და რქაწითელზე არ გვექნება სუბსიდირება”, – განაცხადა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ყურძნის სუბსიდირებას 2013 წლიდან ახორციელებს.

წყარო: ინტერპრესნიუსი