როგორც ცნობილია, თბილისის მერიამ, ვაკის პარკის მასშტაბური რეაბილიტაციის მიზნით, კონკურსი გამოაცხადა. თუმცა, კონკურსის პირობებმა ვნებათაღელვა უკვე გამოიწვია. droa.ge უკვე წერდა, რომ უმთავრესი პრობლემა სამთვიანი ვადაა, რომელშიც გამარჯვებულმა კომპანიამ რეაბილიტაციის სრული პროექტი უნდა შექმნას. ამის გამო გაჩნდა ეჭვი, რომ პირობები კონკრეტულ კომპანიაზეა მორგებული, ვინაიდან, სპეციალისტების თქმით, ამ ვადაში სრულფასოვანი პროექტის შექმნა შეუძლებელია.
დღეს დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი ვაკის პარკის რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს გამოეხმაურა. ის სპეციალისტების შენიშვნებს უსაფუძვლო ბრალდებებს უწოდებს და განმარტავს, რომ საკონკურსო პირობები წინასწარ სხვადასხვა კომპანიასთან ფასთა გამოკითხვისთვის მიზნით გაიარეს, მათ შორის, უცხოურ კომპანიებთანაც. გიგაშვილი ამტკიცებს, რომ სამ თვეში ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტის შექმნა შესაძლებელია.
როგორც გიგაშვილი აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ მერიამ პარკის რეაბილიტაციაზე კონკურსი გამოაცხადა და არა – ტენდერი, რაც უკვე მესამე შემთხვევაა. რაც შეეხება კონკურსის პირობებს, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ კონკურსის პირობების თანახმად, საპროექტო სამუშაოები უნდა დასრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში, რაც არ გულისხმობს მთლიანი სამუშაოების დასრულებას აღნიშნულ ვადაში.
„შესაბამისად, პირველ ეტაპზე კომპანიები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ კონკურსში, წარმოადგენენ კონცეფციას, რის შედეგადაც მიიღება გადაწყვეტილება. უშუალოდ მას შემდეგ, რაც ხელშეკრულება გაფორმდება და დამთავრდება ყველაფერი ფორმალური კუთხით, აითვლება ის 90 კალენდარული დღე. ამ დროის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს პრეტენდენტმა დოკუმენტაცია. რაც შეეხება იმ უსაფუძვლო ბრალდებებს, რომ, მაგალითად, 90 დღეში შეუძლებელია პროექტის მომზადება, შემიძლია გითხრათ, რომ 9 კომპანიასთან იყო გაგზავნილი შეთავაზება და ყველამ დაადასტურა, რომ ეს შესაძლებელია. მათ შორის არის ორი უცხოური კომპანია. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს არ არის ახალი საქალაქო პარკი, ეს არის არსებული პარკი, თავისი მასტერ პლანით, რომლის შეცვლასაც არ ითვალისწინებს საკონკურსო დოკუმენტაცია. შესაბამისად, იმ არქიტექტურული საპროექტო სამუშაოებისთვის, რომლებიც უნდა მოერგოს არსებულ მდგომარეობას, სავსებით საკმარისია 90 დღე. მეტიც, შემიძლია გითხრათ, რომ აღნიშნული სამუშაოების შესრულება 3 თვეზე ნაკლებ პერიოდშიც შესაძლებელია, ვინაიდან დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარია ამ საპროექტო დოკუმენტაციისათვის გათვალისწინებული და, რა თქმა უნდა, ამას ერთი კონკრეტული არქიტექტორი ან ლანდშაფტის დიზაინერი არ აკეთებს. შესაბამისად, ეს იქნება ექსპერტების საკმაოდ დიდი ჯგუფი, რომელიც ამ პროექტს დაამუშავებს და სავსებით შესაძლებელია, რომ 10-15 კაციანმა ჯგუფმა სამ თვეში სრულყოფილი პროექტი შექმნას,“ – განაცხადა გიგა გიგაშვილმა.
მეორე საკითხი, რომელსაც სპეციალისტები სვამენ, კომპანიის გამოცდილებაა. საკონკურსო პირობების თანახმად, პრეტენდენტს 2015 წლის 1 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 300 000 ლარის ღირებულების საერთო სამშენებლო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებისა და სივრცითი დაგეგმარების მომსახურების, მათ შორის, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პროექტირების გამოცდილება და უწყვეტი გამოცდილება პროექტირების სფეროში 2015-2017 წლების განმავლობაში.
გიგაშვილის განმარტებით, დაინტერესებულ კომპანიას ნამდვილად უნდა ჰქონდეს გამოცდილება 2015 წლის პირველი იანვრიდან დღემდე და ეს პირობა იმისთვის ჩადეს, რომ თავიდან აიცილონ ე.წ. მკვდარი ფირმების პრობლემა.
„კომპანიას, შეიძლება, ჰქონდეს გამოცდილება გასულ წლებშიც, 2015 წლამდე, თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ დღეის მდგომარეობით, მერიაში ჩატარებულია, დაახლოებით, 530 ტენდერი და მათშიც ზუსტად იგივე პირობაა ჩადებული, რომ კომპანიებს, რომლებიც მერიის ტენდერში მიიღებენ მონაწილეობას, აუცილებლად უნდა ჰქონდეთ გამოცდილება 2015 წლის 1 იანვრიდან დღემდე. ეს არის რეკომენდაცია ცენტრალური შესყიდვების სააგენტოდანაც, რომელიც მიუთითებს, რომ თავად შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა გადაწყვიტოს, რა პერიოდის გამოცდილებას ანიჭებს უპირატესობას. მთავარი ფაქტორი, რის გამოც იყო მიღებული გადაწყვეტილება მერიაში ცენტრალურ დონეზე, რომ კომპანიას ჰქონდეს გამოცდილება ბოლო სამი წლის განმავლობაში, არის ფირმის აქტუალურობა. მან ზუსტად იცოდეს მოქმედი საკანონმდებლო ნორმები და არ იყოს ე.წ. მკვდარი ფირმები, რომლებიც კონკრეტული ტენდერისთვის ცოცხლდებიან. გარდა ამისა, თვითონ სატენდერო პირობაში მოცემულია, რომ კომისიამ, რომელიც განიხილავს შემოთავაზებულ კონცეფციას, უნდა წარმოადგენინოს კომპანიას ინფორმაცია დასაქმებული პირების გამოცდილების შესახებ, რაც გულისხმობს, რომ ჩვენ კომპანიას არა მხოლოდ სახელით ვარჩევთ, არამედ იმ პირების მიხედვითაც, რომლებიც უშუალოდ ჩართული იქნებიან პროექტში“, – განაცხადა გიგაშვილმა.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც სპეციალისტები აყენებენ, თავად საკონკურსო კომისიის შემადგენლობაა. ისინი მიიჩნევენ, რომ კომისია, უმეტესად, მერიის ჩინოვნიკებითაა დაკომპლექტებული, მაშინ, როცა უმჯობესი იყო, კომისიაში უფრო მეტი დარგის სპეციალისტი ყოფილიყო. გიგაშვილის განმარტებით კი, საკონკურსო კომისიაში, საკანონმდებლო მოთხოვნის გათვალისწინებით, შედიან მერიის ის მაღალჩინოსნები, რომლებსაც თანამდებობრივად ამის ვალდებულება აქვთ, თუმცა, გარდა ამისა, მის შემადგენლობაში, ასევე, არიან დარგის სპეციალისტებიც, რომელთა რაოდენობა ჩინოვნიკებზე მეტია.
„9-კაციან დამოუკიდებელ კომისიაში, გარდა მერიის თანამშრომლებისა, შედიან როგორც არასამთავრობო, ისე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თავმჯდომარე, რომლის უფლებამოსილებაა, შეითანხმოს ეს პროექტი, ვინაიდან ვაკის პარკში გარკვეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია; ასევე, არქიტექტორები, ლანდშაფტის დიზაინერები, მეცნიერ-მუშაკები, აკადემიკოსები. დამოუკიდებელი კომისიის წევრების რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე მერიის მაღალჩინოსნების“, – განაცხადა გიგა გიგაშვილმა.
ვაკის პარკის რეაბილიტაციის კონკურსში წინადადებების წარდგენა გუშინ, 23 სექტემბერს დაიწყო და 28 სექტემბერს დასრულდება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის მონაცემებით, კონკურსის დასრულებამდე 2 დღე და 17 საათია დარჩენილი, ამ დროისთვის კი საკონკურსო დოკუმენტაცია, ჯერჯერობით, არც ერთ კომპანიას აუტვირთავს. ზუსტად ორდღენახევარში გავიგებთ, რომელი კომპანიები გამოთქვამენ სურვილს, რომ 25 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის პროექტს სამთვიან ვადაში შეეჭიდონ.