კონკურსი, რომლის პირობებიც კითხვებს აჩენს – რა ელის ვაკის პარკს?

2322

შემდეგი სტატია

ავტორი: მაგდა პოპიაშვილი

თბილისის მერიამ დედაქალაქის ცენტრალური პარკის – ვაკის პარკის სრული რეაბილიტაცია გადაწყვიტა და ამისათვის კონკურსი გამოაცხადა, თუმცა, კონკურსის პირობებმა ვნებათაღელვა უკვე გამოიწვია. გაჩნდა ეჭვი, რომ პირობები კონკრეტულ კომპანიაზეა მორგებული. საქმე ისაა, რომ, გამარჯვების შემთხვევაში, პროექტის შესაქმნელად მერია კომპანიას მხოლოდ სამ თვეს აძლევს, საქმეში ჩახედული ადამიანები კი აცხადებენ, რომ ამ ვადაში სრულფასოვანი პროექტის შექმნა შეუძლებელია. არ არის გამორიცხული, საქმე დავების საბჭომდეც კი მივიდეს.

მონუმენტალისტმა ირაკლი ჟვანიამ დედაქალაქის მერის სახელზე სოციალურ ქსელში მიმართვაც გაავრცელა, რომელშიც იმ კონკრეტულ პრობლემებზე საუბრობს, რაც საკონკურსო დოკუმენტაციამ წარმოშვა. შენიშვნები და პრეტენზიები, ასევე, დაფიქსირდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეც, თუმცა, სანამ ამ შენიშვნებზე ვისაუბრებთ, ვნახოთ, რას ითვალისწინებს თავად საკონკურსო დოკუმენტაცია.

როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, პროექტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 475 ათასი ლარია. საკონკურსო წინადადებების მიღება ორ დღეში – 23 სექტემბერს დაიწყება და 28 სექტემბერს დასრულდება. გამარჯვებულმა კომპანიამ კი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღეში მერიას სრული პროექტი უნდა ჩააბაროს. ამ სამ თვეში, მათ შორის, პროექტის ექსპერტიზის მომსახურების ვადაც შედის.

როგორი უნდა იყოს ვაკის პარკის პროექტი?

პროექტის მიზანია, ვაკის პარკისთვის შეიქმნას რეაბილიტაციის პროექტი მნიშვნელოვანი ჩარევებისა და გადაკეთებების გარეშე. უნდა შენარჩუნდეს პარკის ისტორიული იერსახე, რისთვისაც პროექტი უნდა შეთანხმდეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან. “პრიორიტეტულია კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნა ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის, ხანში შესული ადამიანებისთვის შესაბამისი ზონების მოწყობით”, – წერია საკონკურსო დოკუმენტაციაში.

მერია ვაკის პარკის შემდეგ ზონებად დაყოფას ითხოვს: ცენტრალური სივრცე; შადრევნები; ამფითეატრი; 2 სპორტული სივრცე; 3 საბავშვო სივრცე; სამაგიდო თამაშების სივრცე; პავილიონი ან/და საზოგადოებრივი სივრცე (არსებული შენობების გათვალისწინებით); ძაღლების სასეირნო სივრცე; 1 საპიკნიკე სივრცე.

ძირითად ბილიკებზე უნდა მოეწყოს ღამის განათება; ასევე, უნდა მოეწყოს დამატებითი ბილიკები და განათება საბავშვო და სპორტულ მოედნებთან; პარკის მთელ ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს საინფორმაციო დაფები და ამკრძალავი ნიშნები. აგრეთვე, საჭიროების შესაბამისად, უნდა მოეწყოს სასმელი წყლის სოკოები. შესაძლებელია კონცეფციაში მოიაზრებოდეს დეკორატიული მცენარეებითა და ხის კონსტრუქციებით შექმნილი ხეივანი.

მერიის მოთხოვნით, პარკი სრულად უნდა იყოს ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის; უნდა განთავსდეს თანამდროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ფასიანი (მომსახურე პერსონალის გარეშე) ეკო/ბიო რეტერატი. ამისათვის კი უნდა განისაზღვროს მოდელი და ლოკაცია.

საკონკურსო დოკუმენტაციის მიხედვით, გარდა ვიზუალური მხარისა, კონკურსანტებს ტექნიკური საკითხების გათვალისწინებაც მოეთხოვებათ, კერძოდ, საპროექტო გადაწყვეტილებებმა უნდა უზრუნველყონ მოვლა-პატრონობის ხარჯების ოპტიმალურობა; სამშენებლო მასალები და ტექნოლოგიები ისე უნდა შეირჩეს, რომ მათი შეკეთების ხარჯები მინიმუმამდე დავიდეს; ასევე, გამოყენებული მასალები ეკოლოგიურად სუფთა უნდა იყოს; პროექტანტმა უნდა მოიძიოს სარწყავი წყლის ალტერნატიული წყაროები და გამოიყენოს პროექტში.

როგორი კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეს კონკურსში მონაწილეს?

საკონკურსო დოკუმენტაციის თანახმად, პრეტენდენტს 2015 წლის 1 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 300 000 ლარის ღირებულების საერთო სამშენებლო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებისა და სივრცითი დაგეგმარების მომსახურების, მათ შორის, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პროექტირების გამოცდილება და მერიას წარუდგინოს შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. პრეტენდენტს 2015-2017 წლების განმავლობაში უნდა გააჩნდეს უწყვეტი გამოცდილება პროექტირების სფეროში. უწყვეტი გამოცდილება კი გულისხმობს იმას, რომ კონკურსანტს ამ პერიოდის ყველა წელს უნდა ჰქონდეს განხორციელებული საპროექტო მომსახურება და უნდა წარადგინოს ამის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია.

რა პრობლემებს ხედავენ საკონკურსო პირობებში სავარაუდო პრეტენდეტები?

როგორც უკვე გითხარით, კონკურსის პირობების შესახებ პრეტენზიები შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე უკვე დაფიქსირდა.

ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა პროექტის შემუშავების ვადებია. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომ 90 კალენდარულ დღეში სრულფასოვანი პროექტის შექმნა შეუძლებელია მერიას მოუწოდებს, ვადა 6 თვემდე გაზარდოს: “ხელშეკრულების პირობების მიხედვით, გამარჯვებული ვალდებულია, 90 კალენდარულ დღეში წარმოადგინოს ვაკის პარკის რეაბილიტაციის სრულყოფილი პროექტი, თანაც, ექსპერტიზაგავლილი. ნუთუ არ იცის კომისიამ, რომ ამოდენა პროექტის ექსპერტიზას სჭირდება მინიმუმ 15 დღე, ანუ, რეალურად, სამუშაოდ პროექტის ავტორს რჩება 2,5 თვე, და ეს იმისათვის, რომ ჩაატაროს თბილისის უდიდესი პარკის პროექტირება? საუბარია ურთულეს ობიექტზე, რომლის ტექნიკური თუ კომუნიკაციების ნახაზები არ არსებობს, ჩასატარებელია გეოლოგიური კვლევები მთელს ტერიტორიაზე, არქიტექტურული, დენდროლოგიური თუ საინჟინრო კვლევები თუ სამუშაოები?! 2,5 თვეში პროექტანტები ასწრებენ ხოლმე კარგი კოტეჯის ან საბავშვო მოედნის, ბინის ან აგარაკის პროექტირებას, ისიც დაჩქარებული ტემპით. რანაირად უნდა შეძლოს რომელიმე პრეტენდენტმა 2,5 თვეში 25 ჰა პარკის ტერიტორიის პროექტირება ხარისხიანად?! ესაა აბსურდი, ამას გეტყვით ნებისმიერი ადამიანი, ვისაც კი შეხება ჰქონია არქიტექტურულ თუ საინჟინრო პროექტირებასთან. სრული პასუხიმგებლობით გიცხადებთ – ვერც ერთი კომპანია ვერ შეძლებს, 90 დღეში ამოდენა ობიექტის ხარისხიანად პროექტირებას და ეს დავალება განწირულია შეუსრულებლობისთვის. გამომდინარე ზემოთქმულიდან, მოგიწოდებთ, შეიტანოთ ცვლილება დოკუმენტაციაში და პროექტის მოწოდების საბოლოო ვადად განისაზღვროს 6 თვე ხელშეკრულების გაფორმებიდან. ეს ვადა აუცილებელია ამოდენა და ასეთი სერიოზული ობიექტის დასაპროექტებლად, როგორიცაა ვაკის პარკი”.

კიდევ ერთი მომხმარებელი კი ეჭვობს, რომ საკონკურსო პირობები გარკვეულ ორგანიზაციაზეა მორგებული: “”გთხოვთ, შესყიდვის პირობებში მაქსიმალურად გაითვალისწინოთ შესყიდვების სააგენტოს 20.07.2017 წლის მითითებები” – წარმოდგენილი პირობები ზღუდავს მონაწილეთა უფლებებს, ამცირებს თავისუფალი კონკურენციის არეალს და არ არის ორიენტირებული მონაწილის პროფესიონალიზმზე. ამავე დროს, არ შეიცავს აუცილებელ ინფორმაციას მონაწილის საგადასახადო და საბანკო, სასამართლო ვალდებულებების შესახებ. ეს ბადებს ეჭვს, რომ ის არის ორიენტირებული გარკვეული ორგანიზაციის არჩევაზე და არა – თავისუფალი და გამჭვირვალე კონკურსის მოწყობაზე”.

ერთ-ერთი მომხმარებელი კი კომპანიების გამოცდილების საკითხზე ამახვილებს ყურადღებას: “რატომ არის შეზღუდული პრეტენდენტის გამოცდილების პერიოდი მხოლოდ 2015 წლის 1 იანვრით? თუკი პრეტენდენტმა ანალოგიური სამუშაოები ხარისხიანად ჩატაარა 2014, 2013, 2012 წელს, რატომ არ უნდა შეეძლოს მას, მიიღოს მონაწილეობა გამოცხადებულ კონკურსში? ასეთი სერიოზული ობიექტის პროექტირებისას სწორედ რომ გამოცდილებაა საჭირო, რომელიც წლების განმავლობაში გროვდება, და არა მხოლოდ 3 წელიწადში. მოგიწოდებთ, შეცვალოთ სატენდერო დოკუმენტაცია და გამოცდილების არსებობის მისაღებ პერიოდად განისაზღვროს მინიმუმ ბოლო 5 წელი, ანუ 2013 წლის 1 იანვრიდან მოყოლებული”.

droa.ge-სთან საუბარში მონუმენტალისტი ირაკლი ჟვანიაც ადასტურებს, რომ მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის პირობები მასში მონაწილეობის შესაძლებლობას ზღუდავს. ჟვანიაც ერთ-ერთ მთავარ პრობლემად საპროექტო დოკუმენტაციის ჩაბარების ვადებს ასახელებს. “ეს იმას ნიშნავს, რომ ქალს შვილის გაჩენა 2 თვეში მოსთხოვო”, – ამბობს ჟვანია და დასძენს: “პროექტზე სამუშაოდ გამარჯვებულ კომპანიას, რეალურად, ორთვენახევარი რჩება, იმიტომ, რომ მინიმუმ ორი კვირა პროექტის ექსპერტიზას დასჭირდება. საუბარია 25 ჰექტრიანი ვაკის პარკის ურთულეს სამუშაოზე, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს ინჟინერია, გეოლოგია, არქიტექტურა, წყლის და კომუნიკაციების საკითხი. ეს არის ურთულესი სამუშაო და მისი ორთვენახევარში შესრულება სრულიად გამორიცხულია. ამ პირობებში კი ყოველგვარ კონკურენციაზე ლაპარაკი ზედმეტია”.

ჟვანია, ასევე, ეთანხმება გამოთქმულ შენიშვნას, რომ კონკურსანტების გამოცდილების ვადები შეზღუდული არ უნდა იყოს და, თუ პრეტენდენტს 2015 წლამდე აქვს მსგავს პროექტებზე მუშაობის გამოცდილება, მას კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.

გარდა ამისა, როგორც უკვე ვთქვით, საკონკურსო პირობით, კონკურსანტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მუშაობის გამოცდილება  უნდა ჰქონდეს. ჟვანია აცხადებს, რომ შეიძლება, კონკურსანტს არ ჰქონდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მუშაობის გამოცდილება, მაგრამ კარგი პროექტი შექმნას. “მაგალითად, მზიურის პარკს, შესაძლოა, არ ჰქონდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, მაგრამ შენ გქონდეს ის კარგად და ხარისხიანად დაპროექტებული. ვაკის პარკი არ არის იმ დონის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, როგორიცაა, მაგალითად, ბაგრატი ან რომელიმე სხვა, რომელსაც სპეციფიური ცოდნა სჭირდება. ამ პარკში თუ რამე სპეციფიურია, ეს არის კასკადი. ამიტომ კონკურსის ეს პირობაც გარკვეულ ეჭვს ბადებს, ხომ არ არის ეს სპეციალური ბარიერი იმისათვის, რომ კონკურსანტების რაოდენობა შეგნებულად შეიზღუდოს?”, – კითხულობს ჟვანია.

ჟვანიას, ასევე, არ მოსწონს, რომ საკონკურსო კომისიაში პროფესიონალებს თბილისის მერიის ჩინოვნიკები სჭარბობენ. “პროექტებს შეაფასებს მერიის საკონკურსო კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია ჩინოვნიკებისგან. მხოლოდ 5 პროფესიონალია მოწვეული კომისიაში – ერთი მოქანდაკე, ორი არქიტეტორი, ერთი ურბანისტი და ერთიც ლანდშაფტის დიზაინერი. ჟვანია ფიქრობს, რომ ისეთი საკითხი, როგორიც დედაქალაქის ცენტრალური პარკის მოწყობაა, რამდენიმე ადამიანის გადასაყვეტი არ უნდა იყოს და მერიას პროცესში პროფესიონალთა უფრო დიდი წრე უნდა ჩაერთო. “ეს არის უშველებელი საქალაქო პროექტი – უმთავრესი პარკი, სადაც ყოველდღიურად უამრავი თბილისელი და დედაქალაქის სტუმარი იკრიბება და ამიტომაც, მისი რეაბილიტაციის საკითხი ასეთმა ვიწრო წრემ არ უნდა გადაწყვიტოს”, – ამბობს ჟვანია.

საკონკურსო პირობებში საერთოდ არაფერი წერია ვაკის პარკის შადრევნის კასკადზე, რომელიც, როგორც ირაკლი ჟვანია აცხადებს, მსოფლიოში ყველაზე დიდია და მისი სიგრძე 273 მეტრია. ჟვანია სთავაზობს მერიას, რომ აღდგეს კასკადი, რომელიც ვაკის პარკის ცენტრალური ტურისტული ობიექტი გახდება. კასკადის თავზე კი, სადაც ოჩიაურის ქანდაკება დგას, გაკეთდეს ქართული მხედრული დიდების მუზეუმი. მისი თქმით, ამ პროექტს მინიმუმ 2-3 მილიონის მოგება ექნება და ვაკის პარკი თავის თავს შეინახავს.

რას სთავაზობენ კალაძეს?

როგორც სპეციალისტები ამბობენ, ყველაზე კარგი გამოსავალი ვადების გაზრდა იქნება. ამასთან, მასში მონაწილეობის შესაძლებლობა გაცილებით მეტ ადამიანს უნდა შეეძლოს, ვიდრე რამდენიმე მსხვილი კომპანიაა, რომელიც დღეს არსებულ საკონკურსო პირობებს დააკმაყოფილებს.

ირაკლი ჟვანია თბილისის მერს, კახა კალაძეს მიმართავს და სთავაზობს: “1. კონკურსში მონაწილეობა უნდა შეეძლოს ყველამ, ვისაც კი გამოცდილება და შეხება აქვს არქიტექტურასთან, სახვით ხელოვნებასთან, ლანდშაფტის დიზაინთან, შადრევნების პროექტირებასთან, საერთოდ, საზოგადოებრივი სივრცის გეგმარებასთან. მერიამ ყველას უნდა მისცეს საშუალება, მიიღოს მონაწილეობა მისი ქალაქის გალამაზებაში, თუკი ამის რესურსი და სურვილი გააჩნია. ესაა სწორედ საზოგადოების ჩართულობა, რომელზედაც თქვენ ხშირად საუბრობთ. 2. წარმოდგენილი პროექტები განიხილოს არა ჩინოვნიკების კომისიამ მოწვეული 5 სტუმრით, არამედ მოწვეულმა საზოგადოებრივმა საბჭომ, სადაც წარმოდგენილნი იქნებიან ჩვენს საზოგადოებაში არაერთი მოქმედი მაღალი კლასის პროფესიონალი, ვისაც ჭკუა და გემოვნება მოეკითხება, რაც მათ არაერთხელ საქმით დაამტკიცეს. 3. თბილისის მერიამ უნდა შექმნას სპეციალური გვერდი ფეისბუქზე, სადაც გამოტანილი იქნება პროექტები და ხმათა უმრავლესობით გამარჯვებულად შეირჩეს ის ვარიანტი, რომელიც თბილისელებს მოეწონებათ”.

რას უპასუხებს მერია არსებულ შენიშვნებს, ამას რამდენიმე დღეში გავიგებთ. droa.ge-ს მერიაში უთხრეს, რომ შესაბამისი პასუხისმგებელი პირი, რომელსაც კონკურსის პირობებზე კომპეტენტური და არგუმენტირებული პასუხის გაცემა შეუძლია, მივლინებიდან ორშაბათს დაბრუნდება. შესაბამისად, სწორედ ორშაბათს გავარკვევთ, გაიზიარებს თუ არა თბილისის ხელისუფლება ამ შენიშვნებს და შეცვლის თუ არა საკონკურსო პირობებს ისე, რომ დედაქალაქის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის საკითხი მხოლოდ რამდენიმე ადამიანის გადასაწყვეტი არ გახდეს.