ტყიბულში გარეგანათების რეაბილიტაცია დაიწყო

1439

ტყიბულში ძველი გარეგანათების სანათებს ახლით ანაცვლებენ. მერიის ცნობით, სამუშაოები ქალაქის შემოსასვლელიდან დაიწყო, სადაც ძველი ლამპიონების, ახალი ენერგოეფექტური დიოდური (LED) სანათებით ჩანაცვლება მიმდინარეობს.

“მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერის საშუალებით, გარეგანათების რეაბილიტაციისთვის, სხვადასხვა სიმძლავრის 780 თანამედროვე დიოდური (LED) სანათი შეიძინა, რომელითაც გარეგანათების ქსელი, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში და ძირითად უბნებში განახლდება”, – აცხადებენ მერიაში.

ტყიბულის მერის თემურ ჩუბინიძის თქმით, დიოდური სანათების ავტომატიზებული სისტემა ქალაქის უკეთეს ვიზუალურ, ენერგოეფექტურ და ეკოლოგიურ განათებას უზრუნველყოფს. მისი განცხადებით, ახალი სანათების მთავარი უპირატესობა ენერგოეფექტურობაა, რაც ტყიბულის გარეგანათებაში დახარჯულ ელექტროენერგიასა და ექსპლუატაციის ხარჯებს შეამცირებს.

ძველ სანათები კი სოფლებში და იმ ქუჩებზე დმონტაჟდება, სადაც ამის საჭიროება არსებობს. მომავალში კი მუნიციპალიტეტის გარეგანათების ქსელი სრულად შეიცვლება თანამედროვე ენერგოეფექტური დიოდური (LED) სანათებით.

მიმდინარე სამუშაოებს ა(ა)იპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანების თანამშრომლები აწარმოებენ.