მუსიკალური გზები – 13 წლის ალექსანდრეს იდეა თბილისის მერს

1089

თბილისის მერს კახა კალაძეს პროგრამა “შენი იდეა ქალაქის მერს” ფარგლებში, ერთ-ერთი იდეის ავტორი 13 წლის ალექსანდრე ხუნძაკიშვილი სთავაზობს, რომ მუსიკალური გზები გააკეთონ.

“მე ვარ ალექსანდრე ხუნძაკიშვილი, 13 წლის. ვარ თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლე და ამავდროულად, ვსწავლობ მუსიკალურ სკოლაში (ვარ მერიის სტიპენდიანტი).

ერთხელ, როდესაც გზაში ვიყავი, ძალზე კარგი აზრი დამებადა. გზებზე და ტრასებზე მრავლად არის ყვითელი საღებავის ჰორიზონტალური ზოლები, რომლებიც გამოყენებულია უსაფრთხოების მიზნით. როდესაც ავტომობილი ამ ზოლზე გადადის, იგი გამოსცემს გარკვეულ ვიბრაციას და ეს ვიბრაციები მივამსგავსე ნოტებს. შესაბამისად, ჩემი იდეაც იმაში მდგომარეობს, რომ სხვადასხვა სიგრძის, სხვადასხვა რაოდენობის, სიმკვრივის ზოლები შეუსაბამოთ ნოტებს და როდესაც ავტომობილები გაივლიან ამ ზოლებზე გარკვეული სიჩქარით, უსაფრთხოების ზოლები გამოსცემენ მელოდიას.

ჩემი აზრით ეს პროექტი ძალზე სახალისო, დასამახსოვრებელი და ამავდროულად, უსაფრთხო იქნება, რადგან, თუ ავტომობილი მითითებულ სიჩქარეზე არ გაივლის, (რაც გამაფრთხილებელ საგზაო ნიშანზე იქნება) მასში მყოფი მგზავრები მელოდიას ვერ გაიგებენ.

მაგალითად, აეროპორტის ტრასაზე შეიძლება გავაკეთოთ „თბილისოს” მელოდია. ეს მელოდია სტუმრებისთვის დასამახსოვრებელი იქნება.

მელოდიის შერჩევაში, მისი ნოტებად გადმოტანაში და ზოლების ტესტირებაში დიდი სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას”, – წერს იდეის ავტორი ალექსანდრე ხუნძაკიშვილი.

იდეის განხილვა თბილისის მერიაში იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ის 2500 ხმას შეაგროვებს. ამ დროისთვის, ალექსანდრე ხუნძაკიშვილის იდეას 8 ხმა აქვს.

შეგახსენებთ, 12 თებერვალს, თბილისის მერმა კახა კალაძემ ელექტრონული პორტალის – “შენი იდეა ქალაქის მერს“ პრეზენტაცია გამართა. პორტალი ახალი იდეების საჯარო თავმოყრას ისახავს მიზნად, რომელიც შესაბამისი ხმების მიღების შემდეგ, განსახილველად მერიას გადაეცემა. თბილისის მერის განცხადებით, ვებგვერდის ამოქმედების მიზანი ქალაქის განვითარებაში მეტი მოქალაქის ჩართულობა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაა.

ამ ეტაპზე, ვებგვერდზე  243 მიმდინარე, 204 დაბლოკილი, 1 უარყოფილი, 12 განსახილველი,  465 არშემდგარი და 2 შეთანხმებული იდეა ფიქსირდება.

პროექტის “შენი იდეა ქალაქის მერს” ფარგლებში, თბილისის მერიამ მოქალაქეების რამდენიმე იდეის განხორციელება უკვე დაიწყო.