თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პროექტის “შენი იდეა ქალაქის მერს” ფარგლებში, თბილისის მერიამ მოქალაქეების რამდენიმე წინადადების განხორციელება უკვე დაიწყო.
“ჩვენ გაჟღერებული გვაქვს, რომ ღიაობა, გამჭვირვალობა და საზოგადოების ჩართულობა ქალაქის მართვაში ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს ვახორციელებთ ამ მიმართულებით, იქმნება შესაბამისი პლატფორმები, რათა მოქალაქეებს მივცეთ თავიანთი იდეების და ხედვების წარმოდგენის შესაძლებლობა. ერთ-ერთი ასეთი პროექტია “შენი იდეა ქალაქის მერს”, სადაც საკმაოდ საინტერესო წინადადებები შემოდის. რამდენიმე მათგანის განხორციელება უკვე დავიწყეთ და მგონია, რომ მოსახლეობა კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება ქალაქის მართვაში,”- აღნიშნა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მერმა.