ვიცემერი მიწისქვეშა პარკინგზე: საჭიროა უფრო მეტი თანამშრომლობა კერძო სექტორთან

1007

მას შემდეგ, რაც თბილისში მიწისქვეშა პარკინგის პროექტის განხორციელებით არცერთი კომპანია არ დაინტერესდა, დედაქალაქის მერიამ ინვესტორებს ახალი პირობა შესთავაზა – პროექტის განხორციელებით დაინტერესებულ კომპანიას მიწა იჯარის ნაცვლად საკუთრებაში გადაეცემა. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.

„საქმის კურსი“ დაინტერესდა კიდევ რა განახლებული პირობა ჩადო პროექტში მერიამ, იმისთვის, რომ ბიზნესის ინტერესი ამ პროექტისადმი გაეზარდა.

თბილისის ვიცემერი ირაკლი ხმალაძე  ამბობს, რომ მიწის იჯარის ნაცვლად საკუთრებაში გადაცემა არც ისე დიდი სტიმულია და მერია ინვესტორს სხვა მიმართულებით დაეხმარება, რაც ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგად გადაწყდება.

“ჩვენი ხედვით, საჭიროა ცოტა უფრო მეტი თანამშრომლობა კერძო სექტორთან. ერთ ლარად 27 წლით გადასცემ მიწის ნაკვეთს, 50 წლით, თუ მუდმივად, ეს პროექტის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე არ ახდენდა პოზიტიურ გავლენას. პოზიტიური გავლენა, შესაძლოა, სხვა ხელშემწყობმა ღონისძიებებმა მოახდინოს, რაზეც მუნიციპალიტეტმა მზაობა გამოხატა.

ეს იქნება ინდივიდუალურად თითოეული პარკინგის პროექტთან დაკავშირებული საკითხები, მას შემდეგ, რაც გამარჯვებული სუბიექტი დაასრულებს ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას. შეიძლება დადგეს საკითხი, რომ ცოტა უფრო მკაცრი კონტროლი განხორციელდეს პარკირების წესების დარღვევაზე, ან რაიმე სხვა ღონისძიებები განვახორციელოთ“,- აცხადებს ირაკლი ხმალაძე.

შეგახსენებთ, რომ მიწისქვეშა პარკინგის მოწყობაზე მერიას ინტერესთა გამოხატვა 3 ადგილზე აქვს გამოცხადებული – ვაგზლის მოედნის მეტროს, ვარკეთილის მეტროსა და გეგეშიძის სკვერის ტერიტორიებზე. ინტერესთა გამოხატვა პირველ ოქტომბერს სრულდება.