რა ხდება გორის საგზაო ტენდერებში – პარლამენტარის კომპანია მერს “წინადადებებით” მიმართავს (ფოტო)

1242

გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის კომპანიის “იბოლიას” წარმომადგენელმა, მერს, კოტე თავზარაშვილს თბილისის ქუჩაზე, თუჯის მონოლითური ცხაურების ნაცვლად, ანაკრეფი კონსტრუქციები დაამონტაჟებინა. ამის ამსახველი დოკუმენტი “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა” მოიპოვა.

ანაკრეფი ცხაურები კი ქალაქის ტერიტორიაზე დიდი ხანია სანიაღვრე არხებში ცვივა, რომლის შესარემონტებლად ,,კეთილმოწყობის სამსახურის” თანამშრომლებს დამატებითი სამუშაოების წარმოება უწევთ. მაგალითად, არხებში ჩაცვივად გორიჯვრისა და კეცხოველის ქუჩაზე დამონტაჟებული ცხაურები. ისინი 2016 წელს, დეპუტატის მეგობრის, შოთა აბულაძის კომპანიამ გააკეთა.

დოკუმენტის მიხედვით, კომპანია ,,იბოლიას” დირექტორი გორის მერს არწმუნებს, რომ თუჯის თავსახურიანი ჭების დამზადება დიდ დროს მოითხოვს. ამიტომ, მთავარი ქუჩა დიდი ხნით გადაიკეტება, რაც მიზანშეწონილი არ არისო.

“შემოვდივართ წინადადებებით, რომ სანიაღვრე არხები შეიცვალოს ანაკრეფი კონსტრუქციით.” -აღნიშნულია წერილში. იოსებ მაკრახიძის კომპანიის წინადადებებით, თუჯის კონსტრუქციები საერთოდ ამოიღეს პროექტიდან და ანაკრეფი ცხაურები დატოვეს.

რატომ გაითვალისწინა გორის მერმა ,,იბოლიას” დირექტორის ,,წინადადება”, მაშინ როდესაც სამუშაოებზე ზედამხედველობას გორში კომპანია ,,ოპტიმალგრუპის” ინჟინრები აწარმოებენ. ისინი რამდენიმე დღის წინ გორში ჩამოვიდნენ და სწორედ თბილისის ქუჩა დაათვალიერეს. პრეს-სამსახურებმა, მხოლოდ, ის თქვეს, რომ გორში აქტიურად ხორციელდება სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც გუბერნატორი ათვალიერებს.

გორის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, ზურაბ ჯალაღანია წერს, რომ კომპანია ,,იბოლიამ” თბილისის ქუჩაზე ეკონომიურად იმუშავა, ხოლო მორჩენილი თანხებით დამატებითი სამუშაოები გასწია. რა დამატებით სამუშაოებზეა საუბარი, ამის შესახებ ჯალაღანია განმარტებას არ იძლევა. შესყიდვების სამსახურში არც ის დოკუმენტია გასაჯაროებული, სადაც კომპანია ,,ოპტიმალგრუპის” ექსპერტების დასკვნა იქნებოდა მოცემული. ინფრასტრუქტურის სამსახური, საპროექტო და სახელშეკრულებო ცვლილელების დროს, ,,ოპტიმალგრუპის” დასკვნას ელექტრონულად არ ასაჯაროებს.

2018 წელს, საქართველოს მასშტაბით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 250 მილიონი ლარის 770 ინფრასტრუქტურული პროექტია დაფინანსებული, აქედან, შიდა ქართლში განხორციელდა 40 პროექტი, რომლის ღირებულებამაც, ჯამში, 20 მილიონი ლარი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის კომპანია “იბოლიამ”, საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ თვეში, გზების მოვლა-შენახვისთვის 27-მილიონიანი ტენდერი მოიგო. ამასთან, აუქციონის გარეშე შპს ,,იბოლიამ“ და შპს ,,შარამ“ , რომელიც დეპუტატის მეუღლეს ციცინო კალანდაძეს ეკუთვნის, გორში სამი დიდი ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერშიც გაიმარჯვა.

მაკრახიძისა და მისი ოჯახის წევრების მიერ მუნიციპალიტეტში მოგებულ ტენდერებთან დაკავშირებით 2017 წელს სტუდია “მონიტორმა” საგამოძიებო ფილმიც გამოაქვეყნა.